წელის ტკივილი, საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ტკივილი
წელის ტკივილის (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილის) ოთხი ტიპი შეიძლება გამოიყოს:
- ადგილობრივი (ლოკალური) ტკივილი
- გადაცემითი (რეფლექტორული) ტკივილი
- ფესვური ტკივილი (ზურგის ტვინის ფესვების ნევრალგია)
- ფიბრომიალგია — კუნთების მეორეული (დამცავი) სპაზმით გამოწვეული ტკივილი
ადგილობრივი ტკივილი
ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ადგილობრივი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს. იმ სტრუქტურების პათოლოგიურ პროცესში ჩათრევა, რომლებიც არ შეიცავენ მგრძნობიარე დაბოლოებებს, უმტკივნეულოა. მალის სხეულის ცენტრალური ნაწილი, რომელსაც აქვს ღრუბლისებრი აგებულება და შეიცავს სისხლის ელემენტების ფორმის მაპროდუცირებელ წითელ ძვლის ტვინს, შეიძლება განადგურდეს მაგალითად სიმსივნის ან ჰემანგიომის შედეგად ისე, რომ რომ ტკივილის შეგრძნება საერთოდ არ გამოიწვიოს. მალის კორტიკალური ზედაპირის მოტეხილობა, ან გახლეჩილი და დეფორმირებული ძვლისაზრდელები, მალთაშუა სახსრების სინოვიალური გარსების, კუნთების, მალთაშუა დისკების ფიბროზული რგოლისა და იოგების დეფორმაციები ხშირად მეტისმეტად მტკივნეული შეიძლება იყოს პაციენტისათვის. ტკივილის შეგრძნებას ხშირად თან შეიძლება ახლდეს დაზიანებული ქსოვილების შეშუპება, რომელიც ხილვადი არაა, თუ წელის კანის საფარველისაგან მოშორებითაა.
ხერხემლისა და ზურგის ტვინის აგებულება, ხედი განივ ჭრილზე.
წელის ადგილობრივ ტკივილს ხშირად მუდმივი ხასიათი აქვს. ტკივილი შეიძლება განმეორდეს სხვადასხვა ინტენსივობით. ეს დამოკიდებულია სივრცეში სხეულის მდებარეობასა და პაციენტის მოძრაობასთან. ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ადგილობრივი ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე ან ყრუ. ტკივილს ხშირად გაფართოებული ხასიათი აქვს და იგრძნობა ზურგის დაზიანებულ ნაწილში ან მისგან გვერდზე. ტკივილი ხშირად მწვავდება მოძრაობის ან სხეულის სივრცეში გადაადგილების (დახრის, ლოგინიდან ადგომის) დროს, როდესაც ხდება დაზიანებული ან ანთებითი ქსოვილების გადაადგილება. პაციენტის გასინჯვისას ზურგის ქვედა ნაწილზე (წელზე) ხელის ძლიერი დაჭერა ანდა დარტყმა ასევე იწვევს ტკივილს და ეს გვეხმარება დაზიანების ლოკალიზაციის გარკვევაში. ადგილობრივი წელის ტკივილი ასევე ცნობილია როგორც ლუმბალგია. მას ასევე ხშირად შეცდომით უწოდებენ წელის გაციებას.
გადაცემითი ტკივილი
გადაცემითი ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში (წელში) ორი ტიპისაა:
- ტკივილი, რომელიც ხერხემლიდან გადაეცემა კანის მგრძნობიარე ინერვაციის წელისა და ზედა გავის საზღვრებში მდებარე მიდამოებს
- ტკივილი, რომელიც გადაეცემა ხერხემალში შინაგანი ორგანოებიდან (მცირე მენჯი, მუცლის ღრუ)
ხერხემლის სვეტის წელის არის ზედა ნაწილის დაავადებებით გამოწვეული გადაცემითი ტკივილი ჩვეულებრივ იგრძნობა ბარძაყისა და კანჭის წინა ზედაპირში. ხერხემლის სვეტის გავა-წელის ქვედა სტრუქტურების დაზიანებით გამოწვეული გადაცემითი ტკივილი იგრძნობა საკვერცხეების მიდამოში, ბარძაყისა და კანჭის ქვედა ზედაპირში, შეიძლება მივიდეს ტერფებამდე. ამ ტიპის გადაცემითი ტკივილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმომშობი მიზეზი ღრმად მდებარეობს, პაციენტების მიერ აღიქმება, როგორც განგრძობადი, ყრუ, არამწვავე და შედარებით გაფანტული ტკივილი. ხშირად პაციენტი მას ზედაპირზე გრძნობს.
გადაცემითი ტკივილი თავისი ძალით და ინტენსიურობით პაციენტისათვის შეიძლება ისეთივე იყოს, როგორიც ადგილობრივი ტკივილი ზურგში. ფაქტორები, რომლებიც ლოკალური ტკივილის ხასიათზე ახდენენ გავლენას (დატვირთვა, მოძრაობა), ანალოგიურად მოქმედებენ გადაცემით ტკივილზე, თუმცა ეს ეფექტი შეიძლება არ იყოს ისეთი გამოხატული, როგორიც ფესვური ტკივილისას. გადაცემითი ტკივილი შეიძლება აგვერიოს ტკივილში, რომელსაც იწვევს შინაგანი ორგანოების დაავადებები. შინაგანი ორგანოების დაავადებების დროს პაციენტები, როგორც წესი, ტკივილს აღწერენ როგორც ღრმას, გაბმულს, მუცლიდან ზურგში გადაცემულს. შინაგანი ორგანოების ტკივილზე ხერხემლის მოძრაობა ჩვეულებრივ არ ახდენს გავლენას. ეს ტკივილი არ მცირდება დაწოლილ მდგომარეობაში და შეიძლება შეიცვალოს შინაგანი ორგანოების ტკივილის პროცესში მონაწილე აქტივობის გავლენით (მაგალითად, ნაწლავის პერისტალტიკა, შარდის დაღვრა და ა.შ.).
ფესვური ტკივილი (ფეხის ტკივილი, საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი)
ფესვური ტკივილი წარმოიქმნება ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ზურგის ტვინის ნერვებზე ზემოქმედებისას. ფესვური ტკივილი ჰგავს გადაცემით ტკივილს, მაგრამ მისგან განსხვავდება თავისი მეტი ინტენსივობით (ელვისებრი, თითქოს დენის დარტყმისებურია) და ვრცელდება ხერხემლიდან პერიფერიებისაკენ (ფეხის ტკივილი). ფესვური ტკივილი ლოკალიზდება ამ ფესვის ინერვაციის ზონაში და მისი სიმძლავრე დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. ფესვური ტკივილი წარმოიქმნება ზურგის ტვინის ნერვის ფესვის მექანიკური დაჭიმვის, გაღიზიანებისა და ზეწოლის შედეგად. ყველაზე ხშირად ამას ფესვი განიცდის ხერხემლის არხის სივრცეში მასზე მექანიკური ზემოქმედების დროს. ნერვის გაყოლებაზე ფესვურ ტკივილს ხშირად აქვს ყრუ ან განგრძობადი, არც ისე ინტენსიური ხასიათი. ნერვზე ზეწოლის ხარისხის გამზრდელი სხვადასხვა ზემოქმედების დროს ტკივილი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს და პაციენტისაგან აღიქმებოდეს, როგორც მჩხვლეტავი ან მჭრელი.
საჯდომ ნერვზე ზეწოლა ფეხში ტკივილის წარმოქმნით (იშიალგია, იშიაზი, საჯდომი ნერვის ანთება) მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) დროს მალთაშუა დისკის თიაქართან ერთად.
წელის და ფეხის ტკივილი ვრცელდება ხერხემლი სვეტის წელის ნაწილიდან ფეხის რომელიმე ნაწილისაკენ: საჯდომში, ბარძაყში, მუხლის ქვეშ, კანჭში, ტერფის თითებში. დახველებისა და დაცემინების დროს შერხევამ ან დაძაბვამ შეიძლება გაუძლიეროს ფესვური ტკივილი პაციენტს ისე, როგორც ეს ხდება ადგილობრივი ტკივილის დროს. თუ მოძრაობა იწვევს ნერვის დაჭიმვას (მაგალითად გამართული ფეხებით დახრის დროს, გამართული ფეხით ადგომისას), ფესვური ტკივილი გაძლიერდება. კისერზე საუღლე ვენის ხელით გადაკეტვისას იზრდება ზურგის ტვინის სითხის (ლიკვორის) წნევა. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფესვის გადაადგილება ან მასზე წნევის გაზრდა, რასაც მოჰყვება ფესვური ტკივილის გაძლიერება. ერთდროული წელის და ფეხის ტკივილი ასევე ცნობილია როგორც ლუმბოიშიალგია.
L4, L5 და S1 ნერვული ფესვების (რომლებიც შედიან საჯდომი ნერვის შემადგენლობაში) გაღიზიანების ან მათზე ზეწოლის დროს ფესვური ტკივილი გადაეცემა ქვევით თეძოს უკანა ზედაპირზე, კანჭის უკანაგვერდით და წინაგვერდით ზედაპირზე, ტერფში. საჯდომი ნერვის გაყოლებაზე ფესვური ტკივილის ამ სახეობას იშიალგია ეწოდება. ზურგის ტვინის ნერვის ფესვის უკანა მგრძნობიარე ბოჭკოებთან დაკავშირებულ ტკივილს ჩვეულებრივ თან ახლავს პერესტეზიები (სპონტანურად წარმოქმნილი დაბუჟების, ჩხვლეტის, წვის არასასიამოვნო შეგრძნებები) ან კანის მგრძნობელობის დაქვეითება, კანის ტკივილი და დაძაბულობა ნერვის გაყოლებაზე. თუ პათოლოგიურ პროცესში ჩათრეულია ზურგის ტვინის წინა ფესვის მამოძრავებელი ბოჭკოები, შეიზლება განვითარდეს რეფლექსის გაქრობა, სისუსტე, ატროფია (ფუნქციის შესუსტება), კრუნჩხვითი შეკუმშვა (კუნთოვანი ბოჭკოების ცალკეული კონების უნებლიე კრუჩხვა), ხანდახან კი ვენოზური შეშუპება.
კუნთოვანი ტკივილი (ფიბრომიალგია)
კუნთოვანი ტკივილი (ფიბრომიალგია) — ესაა ზურგის ქვედა ნაწილში (წელში) ტკივილის სახეობა, რომელიც წარმოიქმნება კუნთის სპაზმის დროს. კუნთოვანი ტკივილი ყველაზე ხშირად გავრცელებული ადგილობრივი ტკივილია. კუნთის სპაზმი ხერხემლის მრავალი დაავადების დროს ფორმირდება და იწვევს ავადმყოფის სხეულის ნორმალური მდგომარეობის მნიშვნელოვან დარღვევებს. კუნთების ქრონიკული დაძაბულობა პაციენტებისაგან აღიქმება, როგორც ყრუ, ხოლო ხანდახან კრუნჩხვითი ტკივილი. ავადმყოფის გასინჯვისას წელის კუნთების პალპაციის დროს ფიქსირდება გავა-წელისა და მენჯის კუნთების დაძაბულობა.
ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ტკივილების მქონე ავადმყოფი ხშირად ზუსტად ვერ მიუთითებს, როგორ წარმოიქმნება ეს ტკივილი. კუნთების დაძაბულობის შეგრძნება, კრუნჩხვითი ტოკვა, მტანჯველი, პულსირებადი ან მჩხველეტავი ტკივილი კანჭებში ანდა წვისა და სიცივის შეგრძნება, პარასტეზიებისა და დაბუჟების მსგავსად, დამახასიათებელია ზურგის ტვინის ნერვების ან მათი მგრძნობიარე ფესვების დაავადებებისათვის (ნეიროპათიები).
მას შემდეგ, რაც პაციენტს დაუდგენენ ტკივილის ლოკალიზაციას და ხასიათს, ექიმი არკვევს ფაქტორებს, რომლებიც ართულებენ და აქრობენ ამ ტკივილს. ავადმყოფის გამოკითხვის დროს აზუსტებენ, რამდენ ხანს გრძელდება ტკივილი, რამდენადაა დამოკიდებული მდებარეობაზე (ძლიერდება თუ არა წოლის, ჯდომის ან დგომის დროს), ახდენს თუ არა ტკივილზე გავლენას ტანის წინ გადახრა, ხველა, დაცემინება და დაძაბულობა. არსებითი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ტკივილის გაჩენის მომენტს და გარემოებებს, რომლებმაც ის გამოიწვიეს. იმის გათვალისწინებით, რომ ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ბევრი დაავადება საწარმოო საქმიანობის ან უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმითაა გამოწვეული, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ავადმყოფი შეიძლება თავის მდგომარეობას ზედმეტად ართულებდეს ზარალია ანაზღაურების ან რამე სხვა პირადი გამორჩენის მიზნით, ასევე ეს შეიძლება ისტერიული ნევროზის ან სიმულაციის შედეგი იყოს.
არსებობს უამრავი დაავადება, რომლებიც იწვევნ ზურგის (წელის) ტკივილს. ზურგში (წელში) ტკივილის გაჩენის ერთ-ერთი ასეთი მიზეზია ხერხემლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიებია (სპინა ბიფიდა, ლუმბალიზაცია და საკრალიზაცია). ზურგში (წელში) ტკივილის გაჩენის სხვა მიზეზებია დაავადებები, რომლებისც თანდათან უყალიბდება ადამიანს ასაკში შესვლასთან ერთად. ასეთ დავადებებს მიეკუთვნებიან ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, სპონდილოართროზი, ოსტეოპოროზი და ა.შ.).
ზურგში (წელში) ტკივილის მიზეზი ხშირად არის ხერხემლის მწვავე და ქრონიკული გადატვირთვა. ასეთებია:
- ხერხემლის მოტეხილობა
- კისერ-კეფის სინდრომი (კისრისა და თავის ტრავმის დროს)
- ზურგის კუნთების ქრონიკული გადატვირთვა ხანგრძლივი მოუხერხერხებელი პოზების შემდეგ, დამჯდარ მდომარეობაში შესასრულებელი სამუშაოს დროს
გავა-თეძოს შესახსრების სასახსრე ზედაპირების ანთება (საკროილეიტი) იწვევს ტკივილს ზურგის ქვედა ნაწილში (წელსა და გავაში).
ზურგში (წელში) ტკივილი უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია სახში ან სამსახურში ერთი და იმავე ტიპის ფიზიკურ დატვირთვასთან:
- ზურგში (წელში) ტკივილი საჭესთან ხანგრძლივად ჯდომის გამო
- ზურგში (წელში) ტკივილი კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომის გამო
- ზურგში (წელში) ტკივილი ცხოვრების უმოქმედო წესის გამო
- ზურგში (წელში) ტკივილი სიმძიმის აწევის ან სპორტის დროს გადატვირთვის გამო
- ზურგში (წელში) ტკივილი ბავშვის ხელში ხანგრძლივად ჭერის გამო
- ზურგში (წელში) ტკივილი უნარშეზღუდული პაციენტის მოვლის შემდეგ
- ზურგში (წელში) ტკივილი ძილისათვის მოუხერხებელი ზედაპირის (ლეიბი, ბალიში) გამო
ამბულატორიულ პრაქტიკაში ყველაზე ხშირია მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) მქონე პაციენტები, რომლებმაც თავის დროზე არ მიხედეს პრობლემას. ყველაზე ხშირად ადამიანებს პრობლემები უჩნდებათ კისერში და წელში. ხშირად უკვე არსებული ასაკობრივი მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) ფონზე ასეთი საკმაოდ მდგრადი მტკივნეული სიმპტომის გაჩენას ზურგში (კისერში, წელში) წინ უსწრებს დიდი ხნის განმავლობაში დისკომფორტის ან უხერხულობის შეგრძნება დაავადების გამწვავებამდე.
ასეთ პაციენტებს ხშირად თვეების ან წლების განმავლობაში უწევთ დროდადრო წარმოქმნილი არასასიამოვნო შეგრძნებებისა და ზურგის (წელის) ტკივილის სიპმტომების ატანა. ტკივილი რომ შეიმსუბუქონ ან მოძრაობისა და უძრაობის დროს ზურგში (წელში) დისკომფორტის შეგრძნება გაიქრონ, პაციენტები ხშირად ხმარობენ სხვადასხვა სახის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტოზურ პრეპარატებს, გელებს და მალამოებს. ზურგის (წელის) ტკივილის დროს ასევე გამოიყენება ბანდაჟები და კორსეტები, ხელმისაწვდომი მასაჟორები და აპლიკატორები.
ზურგის (წელის) ტკივილი იშვიათად აწუხებთ იმ პირებს, რომლებიც სპორტული ცხოვრების წესს მისდევენ. მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) განვითარებას და ზურგში (წელში) ტკივილის გაჩენას ხელს უშლის, უპირველეს ყოვლისა, ტანვარჯიშით დამოუკიდებლად დაკავება, აქტიური დასვენება. ტანვარჯიში ხერხემლის სვეტის წელის ნაწილში ერთი და იმავე კუნთების, იოგებისა და სახსრების დღის დაძაბულობას ხსნის.
ზურგის (წელის) ტკივილის სიმპტომის საზოგადო მიზეზები შეიძლება იყოს:
- მწვავე ან ქრონიკული მიოფასციური ტკივილის სინდრომი (კუნთის სპაზმი), ფიბრომიალგია
- მალთაშუა დისკის პროტრუზია ან თიაქარი
- ხერხემლის დეგენარაციული პროცესები — ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, სპონდილოლისტეზი
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია და ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის არხის სტენოზი
- საკროილეიტი (გავა-თეძოს შესახსრების ანთება)
- გავა-თეძოს შესახსრების ართროზი
- მალთაშუა სახსრის არტროზი (სპონდილოართროზი)
- წელის ტკივილი ორსულობის დროს და ა.შ.
საჯდომი ნერვის ანთების სიმპტომები მიზეზის მიხედვით
მიუხედავად მიზეზისა, საჯდომი ნერვის ანთების დროს ტკივილის შეგრძნება პაციენტებში ხშირად ვლინდება ანალოგიურად. ტკივილის ლოკალიზაცია და ინტენსივობა ზოგჯერ შეიძლება მიუთითებდებს ძირითადი გამომწვევ მიზეზზე:
საჯდომი ნერვის ანთების მიზეზი |
ტკივილის შესაძლო ლოკალიზაცია |
დამატებითი სიმპტომები |
მალთაშუა დისკოს თიაქარი | ტკივილი, რომელიც გადაეცემა დაზიანებული ნერვული ფესვის მიდამოში (მაგ., L4-L5 დისკის თიაქარი შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ბარძაყისა და წვივის შიგნითა ზედაპირებზე) | სისუსტე, დაბუჟება, ჩხვლეტა დაზიანებულ მიდამოში |
სპინალური სტენოზი | ზოგადად ორმხრივი (ორივე ფეხის) ტკივილი, შეიძლება გაუარესდეს მოძრაობის დროს | სიარულის, დახრის, ხანგრძლივი დგომის გაძნელება |
მსხლისებრი კუნთის სინდრომი | ტკივილი დუნდულოში, ხანდახან გადაცემითი ფეხში | ტკივილის გაძლიერება ჯდომისას, ბარძაყის ბრუნვის დროს |
სპონდილოლისთეზი | წელის ტკივილი, რომელიც ხანდახან გადაეცემა დუნდულებში და ფეხებში | სისუსტე, დაბუჟება, ჩხვლეტა ფეხებში, ნაწლავის/შარდის ბუშტის დისფუნქცია (მძიმე შემთხვევებში) |
რამდენ ხანს გრძელდება საჯდომი ნერვის ანთება:
საჯდომი ნერვის ანთების ტიპი |
შესაძლო მიზეზი |
ხანგრძლივობა |
მწვავე საჯდომი ნერვის ანთება | დისკოს თიაქარი, მსხლისებრი კუნთის სინდრომი | 2-3 დღიდან 1-2 კვირამდე |
ქვემწვავე საჯდომი ნერვის ანთება | ანთება, ხერხემლის არხის სტენოზი | 2-3 კვირიმდა 6-8 კვირამდე |
ქრონიკული საჯდომი ნერვის ანთება | დისკის დეგენერაციული დაავადება, სპონდილოლისთეზი | თვეები ან წლეები (განმეორებადია მკურნალობის გარეშე) |
წელის (ზურგის ქვემო ნაწილის) ტკივილის დიაგნოსტიკა
ყველაფერი ექიმთან ნევროლოგიური და ორთოპედიული გასინჯვით იწყება. ამ გასინჯვის დროს ხდება პაციენტის ნევროლიგიური მდგომარეობის შეფასება, ასევე ვლინდება ხერხემლის ბიომექანიკის შესაძლო დარღვევები და აუცილებლად ფასდება კუნთების მდგომარეობა ზურგისა და საჯდომის მიდამოში. უკვე გამოკვლევის ამ ეტაპზე მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) და ზურგში ტკივილის მქონე პაციენტს შეიძლება დაესვას დიაგნოზი და დაენიშნოს მკურნალობა.
როგორც წესი, ჯანმრთელი ხერხემლის გასინჯვის დროს ვლინდება მკერდის კიფოზი და წელის ლორდოზი. ზოგ ადამიანს ხერხემლის ეს გამრუდებები შეიძლება მკვეთრად გამოხატული ჰქონდეს, ჩამოუყალიბდეს ე.წ. "მრგვალი ზურგი". ხერხემლის დაავადებების დროს დაკვირვებით აფასებენ ზედმეტი ნადრეკის არსებობას ან პირიქით წელის ნორმალური ლორდოზის გასწორებას. კუზი ყალიბდება მახვილი კიფოზური კუთხის შემთხვევაში, რაც შეიძლება იყოს მოტეხილობების ან ხერხემლის სვეტის გულმკერდის მალების განვითარების ანომალიების, ასევე მენჯი გამრუდების ან დახრილი მდგომარეობის, ხერხემლის მიმდებარე ან საჯდომის კუნთების ტონუსში განსხვავებულობის შედეგი. ანთებითი საჯდომი ნერვის გაყოლებაზე მწვავე ტკივილის დროს შეიძლება გამოვლინდეს წელის იძულებითი მდებარეობა კუნთების დაძაბულობის ხარჯზე. ეს ანტალგიური სკოლიოზი ცოტათი აქვეითებს ნერვის დაჭიმვით გამოწვეული ტკივილის სიმწვავეს.
პაციენტის გამოკითხვას მის მიერ გადატანილი ძველი ტრავმების შესახებ ყოველთვის არ მოაქვს შედეგი ზურგის ქვედა ნაწილში (წელში) ტკივილის მიზეზების დადგენისას. ტკივილის გაჩენის დროისა და გარემოებების დაზუსტება ექიმ-ნევროპათოლოგს ან ნეიროქირურგს გაცილებით მეტ საჭირო ინფორმაციას აძლევს ზუსტი დიაგნოზის დასასმელად.
ავადმყოფის გასინჯვისას ექიმი ასევე სწავლობს მის ბიომექანიკას. პაციენტის მიერ გარკვეული აქტიური მოძრაობების შესრულების პროცესში აფასებენ ხერხემალს, მენჯ-ბარძაყის სახსრებს და ფეხებს. მოძრაობის შეზღუდვა ავადმყოფს შეიძლება აღენიშნოს კონსულტაციის დროსაც გახდის, გასასინჯ ტახტზე ან სკამზე დაწოლისა და ადგომის პროცესში. ტანის გამართული მდგომარეობიდან წინ გადახრის დროს, როგორც წესი, ადამიანს წელის ლორდოზი უსწორდება და ხერხემლის სვეტის გულმკერდის მრუდები (გულმკერდის კიფოზი) უდიდდება. წელის ტკივილის დროს, როცა უკანა იოგები ანდა გავა -წვეტიანი კუნთები დაჭიმულია, ანთებითია მალთაშუა დისკები. ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის მალთაშუა დისკების გაწყვეტის დროს დამცავი რეფლექსები ხელს უშლიან ხერხემლის ამ სტრუქტურების დაჭიმვას. შედეგად გავა -წვეტიანი კუნთები რჩებიან დაჭიმული და ზღუდავენ მოძრაობას ხერხემლის სვეტის წელის ნაწილში. წელის ტკივილის (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილის) დროს წინ გადახრა ხდება მენჯ-ბარძაყის სახსრების და გულმკერდისა და წელის შეერთების ადგილის ხარჯზე. გავა-წელის შესახსრების ანთებების (საკროილეიტის) და ზურგის ტვინის ნერვების ფესვებზე ზეწოლის დროს ავადმყოფი წინ ისე იხრება, რომ აირიდოს გვერდებიდან მუხლქვეშა ფოსოს შემომსაზღვრავი მყესების კუნთების დაძაბვა და ძირითადი დატვირთვა გადააქვს მენჯზე. ცალმხრივი იშიალგიის დროს წელის ტკივილის წყაროს მხარეს გადიდებულია მრუდი. წელის მოძრაობას თან ახლავს კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი. ტანის წინ დახრას პაციენტი შეეცდება მენჯ-ბარძაყის სახსრების ხარჯზე. მუხლი დაზიანებულ მხარეს შეიძლება მოხრილი იქნეს ისე, რომ შემცირდეს მუხლქვეშა მყესების სპაზმი, მენჯი ამ დროს გადახრილი იქნება უკან, რომ ზურგის ტვინის ნერვის ფესვისა და მთლიანობაში საჯდომი ნერვის დაჭიმულობა შესუსტდეს.
ხერხემლის სვეტის წელის არის მომატებული ლორდოზები.
თუ ავადმყოფს იოგებია ან კუნთები დაჭიმული აქვს, საწინაღმდეგო მხარეს დახრისას ტკივილი ხერხემლის რბილი ქსოვილების დაჭიმვის გამო გაუძლიერდება. მალთაშუა დისკების გვერდითი და პარამედიანური თიაქრებისა და პროტრუზიების დროს დაზიანებია მხარეს გადახრა შეუძლებელია ან ძლიერ შეზღუდული იქნება ტკივილის გაძლიერების გამო. წელის ტკივილის (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილის)ას დამჯდარ მდგომარეობაში მოხრა მოხრილი მენჯ-ბარძაყის სახსრებითა და მუხლებით ავადმყოფს ადვილად შეუძლია მუხლების გულმკერდთან მიტანამდე. ამის მიზეზია ის, რომ მუხლის მოხრა ასუსტებს პაციენტის მუხლქვეშა მყესების დაჭიმულობას და აქრობს საჯდომი ნერვის დაჭიმულობასაც.
წელის ტკივილისა და იშიალგიის დროს წელის პასიური მოხრა ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში იწვევს სუსტ ტკივილს. თუ ავადმყოფს მუხლები მოხრილი აქვს (საჯდომი ნერვის დაჭიმულობა შესუსტებულია), მოძრაობა თავისუფლად ხდება. ხერხემლის სვეტის გავა-წელისა და წელის მიდამოების დაავადებების (მაგალითად ართრიტების) დროს მენჯ-ბარძაყის სახსრების პასიური მოხრა თავისუფლად ხდება ან უმნიშვნელო გაბმული ტკივილი ახლავს წელის არეში საჯდომის კუნთების გამო. გამართული ფეხით პასიური წამოდგომა, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანები 80–90°-მდე ტკივილის გარეშე ახერხებენ (გარდა ფეხის უკანა ზედაპირის კუნთების ცუდი დაჭიმულობის მქონე პირებისა), იწვევს საჯდომი ნერვისა და მისი ფესვების დაჭიმვას და ტკივილს. წელის ტკივილი შეიძლება განვითარდეს მენჯის განივი ღერძის გარშემო ბრუნვისას. ამ მოძრაობისას იზრდება ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის სახსრების დატვირთვა. მათი ართრიტის ან ართროზის დროს ავადმყოფი უჩივის ტკივილს მოძრაობისას. ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის მალთაშუა სახსრების დაავადებების და ზურგის ტვინის ფესვების კომპრესიის დროს ეს მოძრაობა შეზღუდულია დაზიანების მხარეს სხეულის მოპირდაპირე მხარესთან შედარებით.
მრგვალი ზურგი ხერხემლის სვეტის გულმკერდის კიფოზის გადიდებისას.
ლასეგის სიმპტომს (გამართული მუხლით მენჯ-ბარძაყის სახსრის მოხრის დროს ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა) შეუძლია დახმარება გაგვიწიოს ზურგის ქვედა ნაწილში ტკივილის დიაგნოსტიკაში. გამართული ფეხით დაზიანების საწინააღმდეგო მხარეს წამოდგომამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ლოკალიზებული ტკივილი. ეს ტკივილი უფრო სუსტი იქნება, ვიდრე დაავადების მხარეს, მაგრამ ის შეიძლება იყოს მალთაშუა დისკის ფრაგმენტის უფრო სერიოზული დარღვევის ნიშანი, და რა მხოლოდ მისი ამოვარდნა (თიაქრები) ან პროტრუზიები (გამოზნექილობა). მოცემულ ტესტზე გამოვლენილი ტკივილი პაციენტს ყოველთვის წელის დაზიანებულ მხარეს გადაეცემა იმისგან დამოუკიდებლად, რომელი ფეხი იყო აწეული.
სხეულის უკან გადახრას ყველაზე ადვილად ახერხებენ მდგომარე ან მუცელზე მწოლი ავადმყოფები. დაავადების გართულების შემთხვევაში ავადმყოფს უჭირს დამდგარ მდგომარეობაში ხერხემლის გამართვა. წელში დაჭიმულობის ან კიდევ მალთაშუა დისკის პროტრუზიისა და თიაქარის მქონე პაციენტებს, როგორც წესი, ხერხემლის გამართვა ან უკან გადაზნექა შეუძლიათ ტკივილის გაძლიერების გარეშე. თუ დაზიანება ლოკალიზებულია წელის ზედა სეგმენტებში, ან კიდევ სახეზეა აქტიური ანთებითი პროცესი, ანდა მალის სხეულის ან მალის უკანა სტრუქტურების მოტეხილობა, მაშინ გაძლიერებული ტკივილის გამო უკან გადახრა შეიძლება მნიშვნელოვნად გართულდეს.
გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი) გამწვავებულ სტადიაში იწვევს ტკივილს გავაში (საკროდინია).
პაციენტის გასინჯვის ბოლოს ხდება პალპაცია და ხერხემლის პროექციაში ხელით დარტყმები. სასურველია პალპაციის დაწყება იმ უბნიდან, რომელიც თავდაპირველად არ შეიძლება იყოს ტკივილის წყარო, რათა პაციენტმა შეძლოს ზურგის კუნთების მოდუნება და არ შეეშინდეს რომ ნევროლოგის ან ნეიროქირურგის მიერ მისი გასინჯვა ტკივილს გაუძლიერებს. ნევროლოგმა ან ნეიროქირურგმა, რომელიც გამოკვლევას ატარებს, ყოველთვის უნდა იცოდეს წელის პალპაციის დროს რომელ სტრუქტურებს შეიძლება შეეხოს. ხერხემლის დაავადებების დროს წელის მიდამოში ხელის დაჭერისას პაციენტს იშვიათად უვლინდება ადგილობრივი ტკივილი. წელის დონეზე დაავადებების არსებობის შემთხვევაში ხერხემლის სტრუქტურები იმდენად ღრმადაა განლაგებული, რომ ზედაპირული პალპაციის დროს ტკივილი იშვიათად მჟღავნდება. ზედაპირზე სუსტი ტკივილი ან წელის პალპაციის დროს ცუდად ლოკალიზებული ტკივილი შეიძლება მოწმობდეს მხოლოდ პათოლოგიურ პროცესზე დაზიანებული სეგმენტის საზღვრებში სხეულის ზედაპირზე სწორედ ამ ნერვით ინერვირებული კანის მიდამოში.
ნეკნ -ხერხემლის კუთხის პროექციაში ხელით დაწოლისას გამოწვეული ტკივილი შეიძლება აღინიშნებოდეს თირკმლებისა და თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებების ანდა LI ან LII მალების განივი მორჩების დაზიანებების დროს. წელის დანარჩენი მალების განივი მორჩების და მათ ზევით გამავალი გავა -წვეტიანი კუნთების მომატებული მგრძნობელობა პალპაციის დროს შეიძლება მიუთითებდეს მალის განივი მორჩის მოტეხილობაზე ანდა კუნთების დაჭიმულობაზე ხერხემალთან მათი მიერთების ადგილებში. წვეტიანი მორჩის პალპაციისას გამოვლენილი ტკივილი ან მასზე ხელით დარტყმის დროს ტკივილის გაძლიერება არასპეციფიკური ნიშანია. ეს ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს მალთაშუა დისკის დაზიანებაზე მის ცენტრალურ ნაწილში, ანთებაზე (დისციტი) ან მოტეხილობაზე. LV და SI მალებს შუა სასახსრე ზედაპირების პროექციაში ხელის დაჭერისას ტკივილი შეიძლება გამოვლინდეს მალთაშუა დისკების დაზიანებების დროს. ამ მიდამოში ტკივილი ხშირად გვხვდება რევმატოიდული ართრიტის (სახსრის ინფექციური არასპეციფიკური, პროგრესირებადი, დეფორმირებადი ანთება) დროს.
იოგების, ფასციებისა და კუნთების დაჭიმულობა ზურგის ქვედა ნაწილში (წელში) იწვევს ტკივილის შეგრძნებას ან ქრონიკულ დისკომფორტს.
წვეტიანი მორჩის პალპაციის დროს ექიმი-ნევროლოგია ან ნეიროქირურგი ინიშნავს ცენტრალური ხაზიდან მის ნებისმიერ გადახრას ზევით ან ქვევით, რადგანაც ეს შეიძლება მიუთითებდეს მის მოტეხილობაზე ან მალთაშუა სახსრის ართრიტზე. თუ წვეტიანი მორჩი წინაა გადაადგილებული ("ჩავარდნილია" ზედაპირთან მიმართებით), პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს ხერხემლის არასტაბილურობა მალის წინ გადაადგილებით ქვევით მდებარე მალასთან მიმართებით (სპონდილოლისტეზი).
ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ტკივილების მქონე ავადმყოფის გამოკვლევის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მუცლის ღრუს, სწორი ნაწლავის და მენჯის ორგანოების გასინჯვა ფეხებზე პერიფერიული სისხლძარღვების მდომარეობის შეფასებით, რომლის უგულებელყოფაც არ ღირს. მათ გარეშე შეიძლება გამოგვრჩეს სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების დაავადებები, სიმსივნეებისა და ანთებების არსებობა, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს ხერხემლამდე ან გამოიწვიოს ტკივილი ამ მიდამოში.
პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვის დროს ყურადღებით სწავლობენ მოძრაობის დარღვევების ცვლილებებს, ფეხებზე რეფლექსებისა და მგრძნობელობის დარღვევებს.
მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადებით (ოსტეოქონდროზით) დაავადებული ავადმყოფის, რომელსაც ტკივილები აწუხებს, ნევროლოგიური და ორთოპედიული გასინჯვის შედეგების მიხედვით შეიძლება დაინიშნოს შემდეგი დამატებითი პროცედურები:
- ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის რენტგენოგრაფია ფუნქციონალური ტესტებით
- ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, L5–S1 დისკის მალთაშუა თიაქარი.
მალთაშუა დისკის ცენტრი იკავებს ჟელესებურ პულპოზურ ბირთვს. ის გარშემორტყმულია ბოჭკოვან -ხრტილოვანი და შემაერთებელი ქსოვილებისაგან შემდგარი ფიბროზული რგოლით, რომელიც მას იკავებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეიძლება სტატიაში ადამიანის ხერხემლისა და ზურგის ტვილის ანატომიის შესახებ.
დისკების სისქე მცირდება, მალების სხეულები ერთმანეთს უახლოვდება, ამცირებს მალთაშუა ხვრელს და საფრთხეს უქმნის მათში მდებარე ნერვებსა და სისხლძარღვებს (ოსტეოქონდროზი).
დისკების ამობერილობას (მალთაშუა დისკის პროტრუზია ან პროლაპსი) ხერხემლის არხის სივრცეში მათი შემდგომი ამოვარდნით (მალთაშუა დისკის თიაქარი ან ექსტრუზია) ყველაზე ხშირად მივყავართ ნერვული ფესვების კომპრესიამდე, რაც იწვევს ტკივილს ზეწოლილი ნერვის გაყოლებაზე (ტკივილი გადაეცემა ფეხში, ხელში, კეფაში, კისერში, ნეკნთაშუა შუალედში. ეს დამოკიდებულია ნერვზე ზეწოლის ხარისხზე), ტკივილი ასუსტებს კუნთების ძალას ნერვის ინერვაციის უბანზე და არღვევს მგრძნობელობას.
მალთაშუა დისკის პროტრუზიას ან თიაქარს ხშირად ახლავს კუნთოვანი ტკივილის სიმპტომი ან ფესვური ტკივილი ნერვის გაყოლებაზე ფეხში. ამ ფესვური კომპრესიული სიმპტომის დროს ზეწოლა ხდება ერთ ან ერთდროულად ორ ნერვულ ფესვზე.
მალთაშუა დისკის პროტრუზიით ან თიაქრით ზეწოლის გარდა ხერხემლის სვეტის წელის არეში შეიძლება დაირღვეს ხერხემლის მამოძრავებელი სეგმენტის სტაბილურობაც. ხერხემლის არასტაბილურობის დროს ხდენა მალის გადაადგილება:
- მალის გდაადგილება წინ (ანტეროლისტეზი)
- მალის გადაადგილება უკან (რეტროლისტეზი)
ხერხემლის არასტაბილურობის დიაგნოზის დასაზუსტებლად შეიძლება საჭირო გახდეს ხერხემლის სვეტის გავა-წელის მალების რენტგენოგრაფიის ჩატარება ფუნქციონალური ტესტებით.
მალთაშუა დისკის პროტრუზიისა და თიაქარის დროს ზეწოლის სიმპტომებს ყველაზე ხშირად წარმოქმნიან საჯდომი ნერვის შემადგენელ ნერვული კონები. საჯდომი ნერვი შედგება L5, S1, S2, S3 სპინალური ნერვების ბოჭკოებისაგან.
ხერხემლის არხის სტენოზი ზურგის ტვინზე ზეწოლით.
ხერხემლის არხის სივრცეში ქრონიკული ანთების კერამ შეიძლება მიგვიყვანოს მის შევიწროებამდე (ხერხემლის არხის სტენოზი) და მასში გამავალი ზურგის ტვინსა და ნერვებზე ზეწოლამდე. ამიტომაც ხერხემლის არხის სტენოზის დროს ყოველთვის აუცილებელია მკურნალობის სრული კურსის ჩატარება სხვადასხვა სამკურნალო მეთოდების გამოყენებით, ხოლო ამ მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში — ოპერატიული მკურნალობა.
წელის (ზურგის ქვემო ნაწილის) ტკივილის მკურნალობა
მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) (დისკის თიაქრის ან პროტრუზიის თანხლებით) ფონზე ზურგში და წელში ტკივილის სირთულისა და გაჩენის მიზეზების მიხედვით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სახის მკურნალობა:
- მედიკამენტოზური თერაპია - წამლების ჯგუფი შეიცავს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ანალგეტიკებს, ჰორმონებს (მაგალითად, წელის ტკივლის და ნერვის ანთების დროს ხშირად გამოიყენება ასეთი წამალი როგორც დიკლოფენაკი, იბუპროფენი, მელოქსიკამი, ბეტამეტაზონი, B-ჯგუფის ვიტამინები, ტიზანიდინი და ა.შ.)
- ბლოკადები — მალთაშუა სახსრისა და ხერხემლის არხის ღრუში, ასევე კუნთებში ტრიგერულ წერტილებში პრეპარატების ინექცია
- მანუალური თერაპია (ეგრეთწოდებული "ამოვარდნილი" მალთაშუა დისკის თიაქრის "ჩასმა" არასწორი ტერმინია) ოსტეოპათიური კუნთოვანი, სასახსრე და ფესვური ტექნიკის გამოყენებით
- ფიზიოთერაპია
- სამკურნალო ტანვარჯიში
- რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსი")
- ოპერატიული მკურნალობა
მანუალური თერაპიის რბილი კუნთოვანი ტექნიკა ხსნის კუნთის სპაზმს და ამსუბუქებს ტკივილს.
ხერხემლის სვეტის წელის, გულმკერდის ან კისრის ნაწილების მალთაშუა სახსრებში (ფასეტურ სახსრებში) ასევე შეიძლება ჩატარდეს სამკურნალო ბლოკადები. ბლოკადები ადგილობრივი ანესთეტიკებით და ჰორმონალური პრეპარატებით ტარდება ტკივილისა და ანთების მოხსნის დასაჩქარებლად, ასევე სწრაფი დადებითი კლინიკური ეფექტის მისაღებად.
კორტიკოსტეროიდები და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ინექცია (ბლოკადა) გამოიყენება წელში ტკივილის სამკურნალოდ.
ჩვეულებრივ, სამკურნალო ბლოკადებისათვის საკმარისია ანესთეზირებადი საშუალების მცირე დოზის (ნოვოკაინი, ლიდოკაინი), კორტიზონის, დიპროსპანის ანდა კენალოგის შეყვანა დაზიანებულ სახსარში.
მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) მქონე პაციენტებში ფიზიოთერაპიის სწორად შერჩეულ მეთოდთან ერთად ამ სამკურნალო ბლოკადებს კარგი და ხანგრძლივი ეფექტის მოცემა შეუძლიათ წელისა და გავის ტკივილის შემთხვევაში მალთაშუა დისკის თიაქრის ანდა დისკის პროტრუზიის დროს.
მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) (მალთაშუა დისკის პროტრუზიით ან თიაქრით) ფონზე ფეხსა და დუნდულში ტკივილის მკურნალობისას ტკივილისა და ჩხვლეტების მოხსნა, საჯდომი ნერვის (მასზე ზეწოლის შემთხვევაში) ნევრიტის დროს ფეხში მგრძნობელობის აღდგენა ფიზიოთერაპიის გამოყენებას მოითხოვს.
მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) (მალთაშუა დისკის პროტრუზიით ან თიაქრით) ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის დროს გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ტარება გვეხმარება ხერხემლის სვეტის წელის ნაწილში მოძრაობის შეზღუდვაში. ეს, პირველ რიგში, ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას მალთაშუა სახსრების ანთების ზონაში, ასევე ზედმეტი დამცავი დაძაბულობისა და ზურგის კუნთების სპაზმის მოხსნას.
მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) (მალთაშუა დისკის პროტრუზიით ან თიაქრით) ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის მქონე პაციენტს ასეთ კორსეტში დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია სახში და ქუჩაში, ასევე შეუძლია ჯდომა მანქანაში და სამუშაო ადგილას. კორსეტის ტარება აუცილებელი არაა, თუ ტკივილი გაივლის.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) (მალთაშუა დისკის პროტრუზიით ან თიაქრით) ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის გამწვავების პერიოდში უნდა მოვერიდოთ სამუშაო დატვირთვას და ბევრ მოძრაობას. ეს დროებითი შეზღუდვაა, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს გამოჯანმრთელების დროს და მკურნალობასთან ერთად ხერხემლის დაავადებას შემდგომი განნვითარების საშუალებას არ აძლევს.
არსებობს გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის რამდენიმე სახეობა. მათი შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ზომის მიხედვით და გამოყენება შეიძლება მრავალჯერადად მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის გამეორების შემთხვევაში, ასევე ტკივილის სიმპტომის შესაძლო გამწვავების პროფილაქტიკისათვის.
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (ტკივილი გავაში)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- ხერხემლის სკოლიოზი, წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა
- ხერხემლის სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- პონდილოლისტეზი (მალების გადანაცვლება, ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა)
- ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი