მენიუ

არაკომპრესიული ონკოლოგიური მიელოპათიები

ინტრამედულარული მეტასტაზები

ავთვისებიანი სიმსივნის დროს მიელოპათიები ხშირად ახდენენ ზეწოლას ზურგის ტვინზე. მაგრამ თუ დამატებითი ინსტრუმენტალური დიაგნოსტიკის დროს მაგნიტურ-რეზონანსულ ან კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არ ვლინდება ლიკვორული ბლოკი, მაშინ მომავალშიც ასევე რთული იქნება ინტრამედულარული, პარაკარცინომატოზური და სხივური თერაპიების განსხვავება ერთმანეთისაგან.

პროგრესირებადი მიელოპათიის მქონე პაციენტს კიბოს მეტასტაზების აღმოჩენის შემთხვევაში მიელოგრაფიის, ზურგის ტვინის კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს თუ არ უვლინდება ზურგის ტვინზე ზეწოლა, მაშინ, სავარაუდოდ, მეტასტაზი შეიძლება აღმოჩნდეს ზურგის ტვინის პარენქიმაში (ინტრამედულარული მეტასტაზი). პარანეოპლასტიკური მიელოპათია პაციენტებში გაცილებით იშვიათად გვხვდება. თუ პაციენტი ზურგში ტკივილს უჩივის, ეს შეიძლება იყოს ზურგის ტვინის პარენქიმაში სიმსივნის მეტასტაზის პირველი (თუმცა არა აუცილებელი) ნიშანი. მეტასტაზების ასეთი განლაგების შემთხვევაში ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს ზრდადი სპასტიკური პარაპარეზი ანდა პარასტეზიები.

ინტრადურალური ინტრამედულარული სიმსივნე, რომელიც ზურგის ტვინის ცენტრშია მოთავსებული.

მგრძნობელობის დისოცირებული მოშლა ან მისი სრული შენარჩუნება ზურგის ტვინის გავის სეგმენტებში დამახასიათებელია ზურგის ტვინის შიდა კომპრესიისათვის. ასეთი მდგომარეობა ავადმყოფებს იშვიათად აქვთ. უფრო ხშირად ვლინდება ასიმეტრიული პარაპარეზი და მგრძნობელობის ნაწილობრივი დაკარგვა.

პაციენტისთვის მიელოგრაფიის, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს გამოჩნდება ზურგის ტვინის შეშუპება შიდა კომპრესიის ნიშნების გარეშე. ზურგის ტვინის გამოკვლევების დროს პაციენტების ნახევარს კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მიელოგრაფიის დროს სურათებზე ნორმალური ვითარება უფიქსირდებათ. ამიტომ ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, როგორც დიაგნოსტიკური მეთოდი, გაცილებით მეტ ინფორმაციას გვაწვდის ზურგის ტვინის პარენქიმაში პირველადი სიმსივნის (ინტრამედულარული სიმსივნის) მეტასტაზური კერების დიფერენცირების დროს.

ზურგის ტვინის პარენქიმის შიგნით სიმსივნის მეტასტაზები (ინტრამედულარული მეტასტაზები) ჩვეულებრივ ბრონქოგენური კარცინომებიდან წარმოიშობიან, უფრო იშვიათად კი სარძევე ჯირკვლის კიბოს ან სხვა სოლიდური სიმსივნეებიდან. მელანომების მეტასტაზები იშვიათად ხდებიან ზურგის ტვინის შიდა კომპრესიის მიზეზი. მელანომის მეტასტაზები უფრო ხშირად გვხვდება ზურგი ტვინის პარენქიმის შიგნით სიმსივნის (ინტრამედულარული მოცულობითი პროცესის) სახით. მელანომის მეტასტაზი წარმოადგენს ერთეულ ექსცენტრიკულად მდებარე კვანძს, რომელიც წარმოიქმნება ზურგი ტვინში სისხლის ნაკადის მოხვედრის შედეგად. ზურგის ტვინში მელანომის მეტასტაზის სხივური თერაპია შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს.

კარცინომატოზური მენინგიტი

ონკოლოგიური დაავადებების დროს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების გავრცელებული ფორმაა კარცინომის შედეგად გამოწვეული მენინგიტი. კარცინომატოზური მენინგიტი არ იწვევს მიელოპათიებს, თუ მისი გავრცელება და ინფილტრაცია არ ხდება ზურგის ტვინის რბილი ქსელისებრი გარსის ქვეშ მიმდებარე ნერვული ფესვებიდან. სხვაგვარად ამას მივყავართ კვანძების წარმოქმნამდე და ზურგის ტვინის მეორეულ კომპრესიამდე და ინფილტრაციამდე.

ტკივილის გარეშე მიმდინარე რაშის კუდის დაზიანების არასრული სინდრომი შეიძლება განპირობებული იყოს მისი წარმომქმნელი ფესვების კარცინომატოზური ინფილტრაციით. კარცინომატოზური მენინგიტით დაავადებულები ხშირად უჩივიან თავის ტკივილებს. ზურგის ტვინის სითხის (ლიკვორის) ანალიზებზე (დინამიკაში) ასეთ პაციენტებს უვლინდებათ ავთვისებიანი უჯრედები, ცილის მომატებული შემცველობა, გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება.

კარცინომატოზური მენინგიტის დროს ლუმბალურ პუნქციას ატარებენ თავ-ზურგ-ტვინის სითხის შემადგენლობის, გამჭვირვალობისა და ფერის დასადგენად.

 

პროგრესირებადი ნეკროტული მიელოპათია

პროგრესირებადი ნეკროტული მიელოპათია, რომელიც მოიცავს არაგამოხატულ ანთებას, გვხვდება სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში კიბოს შორეული ეფექტების სახით. მიელოგრაფიული სურათი და თავ-ზურგ-ტვინის სითხე ჩვეულებრივ ნორმალურია ხოლმე, უმნიშვნელოდაა მომატებული ცილის დონე. ავადმყოფებს რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში უვითარდებათ ქვემწვავე პროგრესირებადი სპასტიკური პარაპარეზი, რომელიც, როგორც წესი, ხასიათდება ასიმეტრიულობით. ამას თან ახლავს პარასტეზიები კიდურების დისტალურ ნაწილებში (რომლებიც ვრცელდებიან ზევით მგრძნობელობის დარღვევის დონის ფორმირებამდე) და მოგვიანებით - მენჯის ორგანოების ფუნქციების მოშლა (შარდის ბუშტის დისფუნქცია). პროგრესირებადი ნეკროტული მიელოპათიის დროს ასევე ზიანდება ზურგის ტვინის რამდენიმე მეზობელი სეგმენტი.

მიელოგრაფიის დროს კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ სუბდურულ სივრცეში ლუმბალური პუნქციის მეშვეობით.

 

სხივური (რადიაციული) მიელოპათია

ონკოლოგიური დაავადებების სხივური თერაპია პაციენტებში იწვევს მოშორებულ არა მწვავედ მიმდინარე, მაგრამ პროგრესირებად მიელოპათიას. ის განპირობებულია გიალინიზაციითა და სისხლძარღვების დაცობით (ოკლუზიით). სხივური (რადიაციული) მიელოპათია ხშირად ხდება ნეიროქირურგის ან ნევროპათოლოგისათვის სერიოზული დიფერენციალურ-დიაგნოსტიკური პრობლემა, როდესაც ზურგის ტვინი აღმოჩნდება სხვა სტრუქტურებზე (მაგალითად შუასაყარის ლიმფურ კვანძებზე) სხივური თერაპიის ზემოქმედების ზონაში. სხივური (რადიაციული) მიელოპათიის განსხვავება პარაკარცინომატოზური მიელოპათიისა და ინტრამედულარული მეტასტაზისაგან რთულია, იმ შემთხვევების გარდა, როცა ავადმყოფის ანამნეზში არის მკვეთრი ცნობები ადრე ჩატარებული სხივური თერაპიის შესახებ.

იხილეთ აგრეთვე