ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია და ლუმბოიშიალგია
ლუმბაგო (წელკავი), ლუმბაგოს სიმპტომების დიაგნოსტიკა
ლუმბაგო (წელკავი) — ესაა შეტევითი ხასიათის მოულოდნელი მწვავე და ინტენსიური ტკივილი წელში, რომელიც ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის სტრუქტურებისა და მალთაშუა დისკების პათოლოგიური პროცესითაა განპირობებული. ლუმბაგო ატარებს მხოლოდ და მხოლოდ ვერტებროგენურ (ხერხემლით გამოწვეულ) ხასიათს. ბუნებრივია, რომ წელის ინტენსიური ტკივილები ("წელის გაშეშება") შეიძლება წარმოიშვას მუცლის ღრუში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების დროსაც (შარდ-კენჭოვანი დაავადება, აპენდიციტი, პერიტონიტი და სხვა). თუმცა ეს არაა ლუმბაგო. მისი დიფერენციული დიაგნოსტიკა ეფუძნება რამდენადმე სხვა კლინიკურ სურათს და ექიმის მიერ პაციენტის სომატური გამოკვლევის მონაცემებს.
ლუმბაგო შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით:
- დისტროფიული პროცესით შეცვლილი პულპოზური ბირთვის ან მისი ნაწილის სწრაფი გადაადგილება ფიბროზული რგოლის მხარეს და ლიუშკის სინუვერტებრალური ნერვის რეცეპტორების გაღიზიანება
- სპონდილოართროზის დროს მალთაშუა (ფასეტური) სახსრების კაფსულოვან-იოგოვანი აპარატის დაჭიმულობა ან ჩაჭყლეტა
- წელის რომელიმე კუნთის კუნთოვან -ტონური სინდრომის (ფიბრომიალგიის) მწვავე შეტევა წელში ირადიაციით, ზოგჯერ გარშემოვლითი ხასიათითა და ფეხებში ტკივილის გადაცემით
ლუმბაგო (წელკავი, წელის გაშეშება) — ესაა შეტევითი ხასიათის მოულოდნელი ინტენსიური ტკივილი წელში, რომელიც ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის სტრუქტურებისა და მალთაშუა დისკების პათოლოგიური პროცესითაა განპირობებული.
ლუმბაგო, როგორც წესი, ჩნდება უხერხული მოძრაობისას, მოხრისას, სიმძიმის აწევისას, მცირე ტრავმის დროს ანდა სპონტანურად. პაციენტები ლუმბაგოთი გამოწვეულ ტკივილს ხატოვნად აღწერენ როგორც ბიძგს, "გახლეჩას", ტკაცუნს, როგორც გამჭოლ მჩხვლეტავ ტკივილს ღრმა ქსოვილებში, როგორც ელექტროდენის, მეხის დარტყმას, როგორც მოჭერილ ("თითქოს ბრჭყალები ჩაგარჭვეს") ანდა მბურღავ, მფეთქავ, ხანდახან წვის ან სიცივის შეგრძნების გამომწვევ ტკივილს, რომელიც მთელ წელში და მის ქვევითა ნაწილებში ვრცელდება, ხშირად სიმეტრიულადაც.
ლუმბაგოს დროს ავადმყოფი ერთ იძულებით პოზაში შეშდება და მისი ნებისმიერი მოძრაობა ტკივილს აძლიერებს. უმოძრაობისა და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წოლის დროს ტკივილის სინდრომი ხანდახან მცირდება. ლუმბაგოს დროს ინტენსიური ტკივილი, როგორც წესი, 30 წუთამდე, ხანდახან უფრო დიდხანსაც გრძელდება. წამოდგომის მცდელობისას ავადმყოფი წელს უფრთხილდება. ის თავიდან წელზე იკიდებს ხელს ზურგის მხრიდან, შემდეგ ოთხზე დგება და ნელ-ნელა წამოიწევს, როგორც მიოპათიის დროს, თან თეძოებს ეყრდნობა ხელებით.
ლუმბაგოთი დაავადებულ პაციენტებს წელის მიდამოში პარავერტებრალური კუნთების დაჭიმვა აღენიშნებათ. მუხლისა და აქილევსის რეფლექსები ლუმბაგოს დროს შეცვლილი არაა ან თანაბარზომიერად მომატებულია, პარეზები და დამბლები არ აღინიშნება, მგრძნობელობა დარღვეული არაა. ლუმბაგოს დროს შეიძლება დაფიქსირდეს ლასეგის, ნერის, დეჟერინის დადებითი სიმპტომები. რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ ლუმბაგოთი გამოწვეული ტკივილი მცირდება და ნელ-ნელა ქრება. შესაძლოა ტკივილი განმეორდეს ან ტრანსფორმირდეს წელის ოსტეოქონდროზის სხვა რეფლექტორულ ან ფესვურ სინდრომებად.
სხვადასხვა ავტორის შეხედულებები სხვადასხვა ასაკის ადამიანებში ლუმბაგოს გამოვლინების შესახებ განსხვავებულია. ლუმბაგო არაა გამორიცხული მოზრდილობის ან ბავშვობის ასაკში, თუმცა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს ზედმიწევნითი დიფერენციალური დიაგნოსტიკა სხვა ხასიათის პირველადი პროცესების გამოსარიცხავად.
ლუმბაგოს ანალოგიურად აღწერენ სტენოსოლიას (სტენოზი - შევიწროება, მოჭერა, სოლეუს - ქუსლის კუნთი) — მტანჯველ, მოჭერის მსგავს, მფეთქავ, მწველ ტკივილს თავდა კუნთის სიღრმეში. სტენოსოლია ჩნდება მოულოდნელად და მაშინვე გამოირჩევა ინტენსიურობით, ხოლო ხასიათით ცოტათი მოგვაგონებს გულის არეში მოჭერის მსგავს ტკივილს. ლასეგის ტესტის დროს წარმოიქმნება ტკივილი დუნდულში და ნაკუთალის არეში. აუცილებელია ასეთი მდგომარეობის გარჩევა კრამპისგან (კანჭის სამთავა კუნთების მტკივნეული ტონური შეკუმშვა). კრამპის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება ბავშვობის ასაკში და მოზარდებშიც.
ლუმბალგია, ლუმბალგიის სიმპტომების დიაგნოსტიკა
ლუმბალგია (წელის ტკივილი) — ესაა ქვემწვავე ან ქრონიკული ტკივილი წელში, გამოწვეული ხერხემლის სტრუქტურების დაავადებებით. ლუმბალგია უმეტესად ხერხემლის მალთაშუა დისკების ოსტეოქონდროზის დროს გვხვდება. ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში ლუმბალგია თითქმის ერთნაირად ხშირია გოგონებსა და ბიჭებში, 17–18 წლის ასაკში კი უმეტესობა მამრობითი სქესისაა. გოგონები უმეტესად 11–12 წლის (საშუალოდ 11,7 წლის) ასაკში ავადდებიან, მაშინ როცა ბიჭები — 13–17 წლის (საშუალოდ 13,7 წლის) ასაკში. ეს შეიძლება განპირობებული იყოს გოგონების ადრეულ ფიზიკური და სქესობრივი მომწიფებით.
ლუმბალგია კლინიკურად ვლინდება ზომიერად ან სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომით წელში და ხერხემლის რეფლექტორულ-ტონური კუნთოვანი დაცვის ნიშნებით.
ლუმბალგიის დროს ტკივილის გაჩენას, როგორც წესი, წინ უსწრებს ხერხემლის სტრუქტურებზე სხვადასხვა სახის გარე ზემოქმედებები:
- წელის დაჟეჟილობა
- სისტემატური ფიზიკური გადაღლილობა ან გადამეტებული ფიზიკური დატვირთვა
- მკვეთრი მოძრაობები
- მუშაობა მოუხერხებელ პოზაში
- გადაციება
- მწვავე რესპირატორული დაავადებები
- ფოკალური ინფექციის კერების გამწვავება
დადგენილია ასევე, რომ ტკივილის წარმოქმნა ლუმბალგიის დროს ბავშვებში ხშირად ემთხვევა სიმაღლის (8–10 სმ-მდე წელიწადში) და სხეულის მასის ზრდას, რაც ხელს უწყობს ხერხემლის არასტაბილურობის განვითარებას. ლუმბალგიის მქონე ავადმყოფების დაახლოებით 20%-ს, ძირითადად მოზარდებს, გავა-თეძოს არეში უვლინდება განივად მდებარე მოთეთრო ფერის ზოლები (striae distensae). ეს არის ძვლოვან -კუნთოვანი არაადეკვატურობის ირიბი დამამტკიცებელი საბუთი ჩონჩხის ინტენსიური ზრდის პერიოდში.
ლუმბალგოთი დაავადებული ავადმყოფი ბავშვების გასინჯვის დროს ფიქსირდება პარავერტებრალური წერტილებისა და წვეტიანი მორჩების ტკივილი. ლუმბალგიის მქონე ბავშვების დაახლოებით 25 %-ს უდგინდება წელის კუნთების დაჭიმულობა, რაც გაცილებით იშვიათია, ვიდრე უფროსებში. ლუმბალგიის დროს ამ კუნთოვან -ტონური სინდრომის იშვიათობა შეიძლება აიხსნას იმით, რომ პარავერტებრალური კუნთების დაჭიმულობა დამოკიდებულია ძირითადად ტკივილის გამოხატულობაზე და არის დამცავი რეფლექსი ხერხემლის დაზიანებული ნაწილის იმობილიზაციისათვის.
ტკივილის პროვოკაციის ("დაჭიმვის") სიმპტომი ლუმბალგიის დროს ზომიერად ან სუსტად გამოხატულია და უდგინდება ავადმყოფთა დაახლოებით 1/3-ს: უფრო ხშირად ვლინდება ლასეგის სიმპტომი და ერთეულ შემთხვევებში კი — ნარის, დეჟერინის, ვასერმანის, მაცკევიჩის სიმპტომები. ლუმბალგიის დროს არ ფიქსირდება მოძრაობის დარღვევები, მყესოვანი და ძვლისაზრდელას რეფლექსების ცვლილებები. წმინდა სახის ლუმბალგიის დროს არ ხდება მგრძნობელობის დარღვევები.
ბავშვებსა და მოზარდებში ხშირად (შემთხვევათა თითქმის 50%-ში) ხერხემლის რენტგენოგრამებზე ვლინდება წელის ლორდოზის და შმორლის თიაქრის გასწორება. შმორლის თიაქრები, როგორც წესი, მრავალრიცხოვანია, დიდი ზომისაა და ხშირად მდებარეობს წელის ზედა მალების ჩამკეტი ფირფიტების წინა ნაწილებში, ხანდახან ისინი იწვევენ 1 ან 2 მალის სიმაღლის კლებას და დეფორმაციას. წელის ქვედა მალებში დისკები ჩვეულებრივ პროლაბირებას ახდენენ ჩამკეტი ფირფიტების უკანა ნაწილებში. შმორლის ერთეულ მცირე თიაქრებს, ალბათ, არა აქვთ კლინიკური მნიშვნელობა. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან კლასიკური სოკოს მსგავსი შმორლის ხრტილოვანი კვანძებისაგან და არიან მალთაშუა დისკების გავრცელებული დაზიანების გამოხატულება.
შმორლის მრავალრიცხოვანი თიაქრების არსებობის დროს ტკივილის სინდრომი (ლუმბალგია) უმეტეს შემთხვევაში გამოირჩევა მდგრადობით და რთულად ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას. ლუმბალგიის დროს შედარებით იშვიათად ვლინდება ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის მცირე ანტალგიური სკოლიოზი, რომელსაც ხშირად თან ახლავს წელის ლორდოზის გასწორება. მალთაშუა შუალედების სიმაღლის კლება ძალიან იშვიათად გვხვდება.
გარდა მითითებული ცვლილებებისა, ლუმბალგიის მქონე ავადმყოფებს უვლინდებათ ხერხემლის სვეტის გავა-წელის არის თანდაყოლილი ანომალიები:
- მალის რკალის გახლეჩა — სპინა ბიფიდა
- გარდამავალი ლუმბოსაკრალური მალა — ლუმბალიზაცია და საკრალიზაცია
ლუმბალგია შეიძლება ხანგრძლივად, ქრონიკულად მიმდინარეობდეს, ამასთანავე ერთმანეთს შეიძლება ენაცვლებოდეს წელის ტკივილის რეციდივისა და რემისიის პერიოდები. ლუმბალგიის დროს ტკივილის სინდრომის გაქრობის შემდეგაც დიდხანს ნარჩუნდება წელში დისკომფორტის შეგრძნება, რაც მოწმობს, რომ მკურნალობა და პაციენტის რეაბილიტაცია არასრულფასოვანი იყო ან არ იყო ბოლომდე მიყვანილი.
ლუმბოიშიალგია, ლუმბოიშიალგიის სიმპტომების დიაგნოსტიკა
ლუმბოიშიალგია — ესაა ქვემწვავე ან ქრონიკული ტკივილი წელის არეში, რომელიც გადაეცემა ერთ ან ორივე ფეხში. როგორც ლუმბალგიას, ლუმბოიშიალგიასაც ახასიათებს შესაბამისი ლოკალიზაციის ტკივილის სიმპტომები და სინდრომები, რომლებიც ხერხემლის პათოლოგიებითა განპირობებული, ძირითადად კი წელის მალთაშუა დისკების ოსტეოქონდროზით. ლუმბოიშიალგიის გაჩენას ხელს უწყობს იგივე ფაქტორები, რაც ლუმბალგიას.
ლუმბოიშიალგია — ესაა ქვემწვავე ან ქრონიკული ტკივილი წელის არეში, რომელიც გადაეცემა ერთ ან ორივე ფეხში.
ლუმბოიშიალგიას კლინიკური გამოვლინებებისა და სიმპტომების მხრივ აქვს ზოგიერთი საერთო ნიშანი ლუმბალგიასთან:
- ლუმბოიშიალგიის და ლუმბალგიის დროს პაციენტს უვლინდება ზომიერად ან სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომი
- ლუმბოიშიალგია და ლუმბალგია ერთნაირი სიხშირით გვხვდება მამრობითი და მდედრობით სქესის ბავშვებსა და მოზარდებში
- ლუმბოიშიალგია და ლუმბალგია განიხილება, როგორც ხერხემლის დაავადებების შედეგად გამოწვეული პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებების რეფლექტორული სინდრომი
თუმცა ლუმბოიშიალგიასა და ლუმბალგიას აქვთ რიგი რაოდენობრივი და თვისებრივი განსხვავებები. მაგალითად, ლუმბოიშიალგიის დროს პრაქტიკულად ყოველთვის ვლინდება დაჭიმულობის სიმპტომები, ხოლო წელის კუნთების დაძაბვა გაცილებით იშვიათია, ვიდრე ამ პათოლოგიის მქონე უფროსებში ან ლუმბალგიის მქონე ბავშვებში. ლუმბალგიისაგან განსხვავებით, ლუმბოიშიალგიის მქონე ავადმყოფებს ხანდახან უფიქსირდებათ მსუბუქი ჰიპალგეზია ტერფებზე, ტკივილის ლოკალიზაციის მხარეს შეიძლება აღინიშნოს ბარძაყისა და კანჭის კუნთების მცირე ჰიპოტონია და ჰიპოტროფია. გარდა ამისა, ლუმბოიშიალგიის დროს შეიძლება დაქვეითდეს მუხლისა და აქილევსის რეფლექსები, აღინიშნება ვეგეტატიური დარღვევები ჰიპერჰიდროზისა (მომატებული ოფლიანობის) და ფეხების შეციების სახით.
განასხვავებენ ლუმბოიშიალგიის რამდენიმე კლინიკურ ვარიანტს:
- ლუმბოიშიალგია გამოხატული კუნთოვან-ტონური გამოვლინებებით
- ლუმბოიშიალგია ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი გამოვლინებებით
- ლუმბოიშიალგია ნეიროდისტროფიული გამოვლინებებით
ბავშვობის ასაკში ლუმბოიშიალგიის დროს არსებითად ჭარბობს კუნთოვან -ტონური დარღვევები, გაცილებით იშვიათია ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი დარღვევები, ხოლო ლუმბოიშიალგიის ნეიროდისტროფიული ფორმა ბავშვებსა და მოზარდებში არ ვლინდება, თუმცა ეს არ გამორიცხავს მის არსებობას ამ ასაკში.
ხერხემლის რენტგენოგრამებზე იმავე სიხშირით, როგორც ლუმბალგიის დროს, ფიქსირდება ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის სკოლიოზი, რომელსაც ხშირად ახლავს წელის ლორდოზის გასწორება. ამავე დროს, გაცილებით იშვიათად, ვიდრე ლუმბალგიის დროს, ფიქსირდება შმორლის თიაქრები. ხშირად გვხვდება წელის ოსტეოქონდროზის ისეთი ირიბი ნიშნები, როგორებიცაა მალთაშუა შუალედების სიმაღლის კლება, „თევზის მალების მსგავსი მალები“, მალების სხეულების გადაადგილება გვერდებზე.
ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის თანდაყოლილი ანომალიების განვითარება გაცილებით იშვიათია, ვიდრე წელის ოსტეოქონდროზის სხვა კლინიკური გამოვლინებების დროს (50 %). მათ არ მივყავართ გავა-წელის ტკივილის (ლუმბოიშიალგიის) წარმოქმნამდე, თუმცა ხელს უწყობენ ხერხემლის სტატიკური მდგრადობის დაქვეითებას და აჩქარებენ დეგენერაციული ცვლილებების განვითარებას ანომალიის მოსაზღვრე მალთაშუა დისკებში გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის დროს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, ლუმბალგიისაგან განსხვავებით, ბავშვებში ლუმბოიშიალგია ჩნდება უფრო ნაკლები შინაგანი ზემოქმედების დროს ხერხემლის უფრო გამოხატული თანდაყოლილი ცვლილებების ფონზე. საბოლოოდ, ეს ხელს უწყობს მომავალში მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) ფესვური სინდრომების განვითარებას.
ლუმბაგოს (წელკავის), ლუმბალგიის და ლუმბოიშიალგიის მკურნალობა
ლუმბაგოს, ლუმბალგიისა და ლუმბოიშიალგიის მქონე ავადმყოფმა უნდა დაიცვას წოლითი რეჟიმი 3–5 დღის განმავლობაში და თუ შესაძლებელია, იწვეს მაგარ ზედაპირზე. წოლის დროს რეკომენდებულია მუხლებქვეშ დახვეული პლედის ან ბალიშის ამოდება წელის კუნთების განსატვირთავად. გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში ლუმბაგოს, ლუმბალგიისა და ლუმბოიშიალგიის დროს ვითარება შეიძლება შეამსუბუქოს მუხლებშუა დადებულმა ბალიშმა ან მუთაქამ.
გადაადგილების ან ჯდომის დროს ლუმბაგოს, ლუმბალგიისა და ლუმბოიშიალგიის მქონე პაციენტმა წინასწარ დაწოლილმა უნდა ჩაიცვას გავა-წელის კორსეტი.
გავა-წელის კორსეტის ტარება ლუმბაგოს, ლუმბალგიისა და ლუმბოიშიალგიის დროს ხსნის ტკივილს მალთაშუა დისკის თიაქრის ან პროტრუზიის თანხლებით მიმდინარე მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (სტეოქონდროზი) ფონზე.
ლუმბაგოს, ლუმბალგიისა და ლუმბოიშიალგიის დროს მედიკამენტებიდან ნიშნავენ დეჰიდრატირებად პრეპარატებს (ფუროსემიდს, დიაკარბს, ლაზიქსს), ტკივილგამაყუჩებელ და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (ანალგინს, რევოდიპს, რეოპირინს, იბუპროფენს, ვოლტარენს, დიკლოფენაკს, ქსეფოკამს, მოვალისს) ნეიროფსიქპტროპულ პრაპარატებთან (რადედორმი, მედაზეპამი, ნიალამიდი) ერთად. რიგ შემთხვევებში ლუმბაგოს დროს ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს კარბამაზეპინის ანალოგები (უმჯობესია ფინლეპსინი).
შემდგომში თავად პაციენტმა, რომელსაც ლუმბაგო, ლუმბალგია ან ლუმბოიშიალგია აწუხებს, შესაძლებლობის მიხედვით უნდა აირჩიოს პროფესია, რომლის დროსაც ადგილი არ ექნება ხერხემალზე გადამეტებულ ფიზიკურ დატვირთვას, ტემპერატურის ცვალებადობას სამუშაო ადგილზე, ვიბრაციულ ზემოქმედებას, ერთფეროვან პოზაში ხანგრძლივ მუშაობას.
ფეხებს შორის ბალიშით ძილის უპირატესობები:
- ამცირებს წელის ტკივილს
- ამცირებს საჯდომო ნერვის ტკივილს
- ამცირებს მუხლის ტკივილს
- ამცირებს თეძოს ტკივილს
ბალიში, რომელიც უფრო ბრტყელია და არც თუ ისე დიდი ან ძალიან პატარაა, შეიძლება კარგად იმუშაოს. გამოდგება ბალიში, რომელიც მუხლს აამაღლებს ისე, რომ ხერხემალის არეში შეამსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას.
მალთაშუა დისკის თიაქრის ან პროტრუზიის თანხლებით მიმდინარე მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) ფონზე ლუმბაგოს, ლუმბალგიისა და ლუმბოიშიალგიის წარმოშობის მიზეზებისა და გამოვლინების სირთულის გათვალისწინებით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:
- მედიკამენტოზური თერაპია (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანალგეტიკები, ჰორმონები)
- ბლოკადები — მალთაშუა სახსრის ღრუში, ხერხემლის არხში, კუნთების ტრიგერულ წერტილებში წამლის ინექცია
- მანუალური თერაპია (ეგრეთწოდებული ამოვარდნილი მალთაშუა დისკის თიაქრის "ჩასმა" არასწორი ტერმინია) ოსტეოპათიური კუნთოვანი, სასახსრე და ფესვური ტექნიკის გამოყენებით
- ფიზიოთერაპია
- სამკურნალო ტანვარჯიში
- რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსი")
- ოპერატიული მკურნალობა
იმისთვის, რომ აღვიდგინოთ დაკარგული ძალები და ტონუსი, გავთავისუფლდეთ ხერხემალთან და სახსრებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რაოდენობის პრობლემებისაგან, საჭიროა ვიცოდეთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ რამდენიმე მარტივი სამკურნალო ვარჯიში. ამ ვარჯიშების შერჩევისათვის საჭიროა მკაცრად დიფერენცირებული და კომპლექსური მიდგომა.
სამკურნალო ბლოკადები ასევე შეიძლება ჩატარდეს ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის მალთაშუა სახსრებში (ფასეტურ სახსრებში). ბლოკადები ტარდება ადგილობრივი ანასტეტიკითა და ჰორმონალური პრეპარატებით, რათა ტკივილი და ანთება სწრაფად მოიხსნას და მივიღოთ დადებითი კლინიკური ეფექტი.
სამკურნალო ბლოკადებისათვის, როგორც წესი, საკმარისია წამალი (ანესთეზირებადი საშუალებისა (ნოვოკაინი, ლიდოკაინი), კორტიზონის მცირე დოზა), შეყვანილი დაზიანებული სახსრის სივრცეში.
ფიზიოთერაპიის სწორად შერჩეულ მეთოდთან ერთად ამ სამკურნალო ბლოკადებს შეუძლიათ ხანგრძლივი დადებითი ეფექტის მოცემა მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) მქონე პაციენტებში ლუმბაგოს, ლუმბალგიისა და ლუმბოიშიალგიის მკურნალობის დროს.
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (ტკივილი გავაში)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- ხერხემლის სკოლიოზი, წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა
- ხერხემლის სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- პონდილოლისტეზი (მალების გადანაცვლება, ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა)
- ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი