სპონდილიტი
სპონდილიტი
სპონდილიტი ხერხემლის ანთებითი დაავადებაა. ხერხემლის ასეთი ანთებითი დაავადებები (სპონდილიტები) შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერი საერთო ინფექციური დაავადების შედეგად. სპონდილიტები წარმოშობით შეიძლება იყოს პირველადი და მეორეული.
სპონდილიტების კლინიკური მიმდინარეობა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ამასთანავე სპონდილიტების კლინიკურ სურათში არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები, რომლებიც განპირობებულია ხერხემალში ანთებითი პროცესის ლოკალიზაციითა და ძვლოვანი დარღვევების გავრცელებულობით.
სპონდილიტის სახეები
ხერხემლის ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადება, რომელიც შემთხვევათა უმეტესობაში ქრონიკულად მიმდინარეობს, არის ტუბერკულოზი, ყველაზე იშვიათი და რთული - მწვავედ მიმდინარე ოსტეომიელიტი. იმ ცვლილებების განვითარება, რომელიც ტუბერკულოზური სპონდილიტის დროს კვირების, თვეებისა და წლების განმავლობაში მიმდინარეობს, ხერხემლის მწვავე ოსტეომიელიტის დროს რამდენიმე დღეში ხდება. ხერხემლის ამ ორი ანთებითი დაავადების უკიდურეს ფორმას შორის თავს იჩენს სპონდილიტები ისეთი ინფექციური დააავადებების შემდეგ, როგორებიცაა ტიფი, სიფილისი, გონორეა, აკტინომიკოზი, ბრუცელოზი და სხვა.
ნებისმიერი ეტიოლოგიის სპონდილიტის დროს ხერხემლის მოძრაობა მკვეთრად ირღვევა ყველა მიმართულებით (მოძრაობის კონცენტრიკული შეზღუდვა) დამბლოკველი პარავერტებრალური კუნთების რეფლექტორული დაძაბვით. ხერხემლის არცერთ დაავადებას არ აქვს მოძრაობის ისეთი ფართო და მკვეთრად გამოხატული რეფლექტორულ-მტკივნეული შეზღუდვა, როგორიც სპონდილიტს.
ხერხემლის მწვავე ოსტეომიელიტი
ხერხემლის მწვავე ოსტეომიელიტი - ეს მძიმე დაავადებაა, რომელიც რთულად დასადგენია, მით უმეტეს, რომ ავადმყოფები ხშირად დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღეში იხოცებიან “კრიპტოგენური” სეფსისის გამო. ხერხემლის მწვავე ოსტეომიელიტით 50%-ზე მეტ შემთხვევაში ავადდებიან ახალგაზრდები. ყველაზე ხშირად მწვავე ოსტეომიელიტით დაზიანებული კერა მდებარეობს ხერხემლის წელის ნაწილში, იშვიათად კი - კისრის ნაწილში.
ხერხემლის მწვავე ოსტეომიელიტის დროს მალების სხეულებისა და ხანდახან რკალების დაზიანება შეიძლება წარმოიშვას როგორც მეტასტაზი ფურუნკულეზის, ანგინის, კბილის კარიესის დროს, თირკმლის ან წინამდებარე ჯირკვლის მოკვეთის შედეგად ანდა შარდის ბუშტისა და ნაწლავის ოპერაციის შემდეგ.
ადგილობრივი დაინფიცირება ფიქსირდება სიმპათიკური წველის წელის ბლოკადის, ლუბალური პუნქციის, მალთაშუა დისკების ანესთეზიისა და ოპერაციის დროს.
მალების სხეულების სპონდილიტის დიაგნოსტიკის დროს ტარდება ხერხემლის რენტგენოგრაფია პირდაპირ და გვერდით პროექციაში.
სიფილისური სპონდილიტი
სიფილისური სპონდილიტი ჩვეულებრივ მიმდინარეობს გუმოზური პერიოსტიტის ამ ოსტეომიელიტის ფორმით და იშვიათად - სპეციფიკური პერიოსტიტის ფორმით. სიფილისური სპონდილიტი შეიძლება იყოს თანდაყოლილი (ძალიან იშვიათად) და შეძენილი. სიფილისური სპონდილიტის დროს ძირითადად ზიანდება კისრის მალები.
მალის სხეულში გუმის დაშლა შეიძლება განაპირობოს ზურგის ტვინისა და მისი ფესვების პათოლოგიური კომპრესია. სიფილისური სპონდილიტის დროს ხერხემლის მოძრაობის შეზღუდვა, რომელიც გამოკვლევაზე ჩანს, ძალიან ჰგავს ტუბერკულოზურ სპონდილიტს.
ტიფოზური სპონდილიტი
ტიფოზური სპონდილიტი ტიფოზური სეპტიცემიის შედეგია. ტიფოზური ინფექციის კერები ზოგჯერ რჩება შეუმჩნეველი და იკურნება კლინიკური გამოვლინების გარეშე. ტიფოზური სპონდილიტის დროს ჩვეულებრივ ზიანდება ორი მოსაზღვრე მალა და მათ შუა მოთავსებული მალთაშუა დისკი.
ტიფოზური სპონდილიტის დროს ყველაზე ხშირად დაზიანება ლოკალიზდება ხერხემლის სვეტის წელის მაწილში, განსაკუთრებით წელ-გულმკერდისა და გავა-წელის მიდამოებში. ტიფოზური სპონდილიტის დროს მალთაშუა დისკების დარღვევა და მალების სინოსტოზი სწრაფად ხდება აბსცესის წარმოქმნით ან მის გარეშე.
ხერხემლის მოძრაობა ტიფოზური სპონდილიტის დროს შეზღუდულია წელისა და გულმკერდის ნაწილებში. ტიფოზური სპონდილიტის დროს ფიქსირებული ლორდოზი განპირობებულია ზურგის გამშლელი კუნთების რეფლექტორული ჰიპერტონუსით.
ბრუცელოზური სპონდილიტი
ბრუცელოზური სპონდილიტი უფიქსირდებათ იმ პირებს, რომლებსაც შეხება აქვთ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან (მწყემსები, ვეტერინარები). ბრუცელოზური სპონდილიტით დაინფიცირება შეიძლება მოხდეს დაინფიცირებული ძროხის აუდუღარი რძის გამოყენებისას.
ბრუცელოზური სპონდილიტის ნიშნები ვლინდება დაავადების დაწყებიდან 8-12 კვირის შემდეგ. ეს დაავადება მიმდინარეობს ტალღისებური ციებ-ცხელებით, შეციებით, სისუსტით, თავის ტკივილით და ა.შ.
ბრუცელოზური სპონდილიტი ხერხემლის დიდ მანძილზე აზიანებს მალების სხეულებს, პარავერტებრალურ რბილ ქსოვილებს, გავა-თეძოს შესახსრებას, წვრილ სახსრებს და დისკებს. ბრუცელოზური სპონდილიტით გამოწვეული ძლიერი ტკივილის შედეგად, რომელიც რთულად ყუჩდება დასვენებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად, ხერხემალი ხდება რიგიდული თითქმის მთელ სიგრძეზე.
ხერხემლის ანთებით დაავადებებს აგრეთვე მიეკუთვნება ალერგიული სპონდილოართრიტები (პროგრესირებადი ქრონიკული სპონდილიტები, ანკილოზირებადი სპონდილიტები, რევმატოიდულუ სპონდილიტები).
სპონდილიტის მკურნალობა
სპონდილიტის მკურნალობა დამოკიდებულია მის სახეობაზე. მალის სხეულის ოსტეომიელიტის გამოვლინებისას მიმართავენ ოპერატიულ მკურნალობას. ამ ოპერატიული ჩარევის მიზანია დაინფიცირებული ძვლოვანი მასების მოკვეთა ყველა ჩირქოვანი სივრცის დაცლით.
ტუბერკულოზური სპონდილიტის შემთხვევაში მკურნალობა კონსერვატიულია. იყენებენ სპეციფიკური ანტიტუბერკულოზური პრეპარატების საკურსო დოზებს ფიზიოპროცედურებისა და სამკურნალო მასაჟების თანხლებით, ასევე კორსეტების ტარებას.
ზოგ შემთხვევაში წარმოქმნილი მალების ძვლოვანმა დეფექტებმა შეიძლება მოითხოვოს მათი რემოდელირება (ვერტებროპლასტიკა) ანდა კომპენსაცია ძვლოვანი ცემენტებით, იმპლანტებითა და ხერხემლის დამასტაბილიზებელი სისტემებით.
ვერტებრიპლასტიკისა და მალების სტაბილიზაციის ყველა ოპერაცია ტარდება მხოლოდ მალების სპონდილიტის ყველა კერის სანაციის შემდეგ.
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (ტკივილი გავაში)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- ხერხემლის სკოლიოზი, წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა
- ხერხემლის სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- პონდილოლისტეზი (მალების გადანაცვლება, ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა)
- ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი