ლუმბალური პუნქცია
ლუმბალური პუნქცია
ლუმბალური პუნქცია საექიმო მანიპულაციაა, რომელიც გამოიყენება თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიკვორის) გამოსატანად და/ან ზურგის ტვინის სუბარაქნოიდურ სივრცეში სამკურნალო პრეპარატების ანდა კონტრასტული ნივთიერებების (მიელოგრაფია) შესაყვანად.
ლუმბალურ პუნქციას დიაგნოსტიკური მიზნით იყენებენ ლიკვორული წნევის გასაზომად, ზურგის ტვინის სუბარაქნოიდული სივრცის გამტარობის გამოსაკვლევად, თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიკვორის) ფერის, გამჭვირვალობისა და შემადგენლობის დასადგენად.
ზურგის ტვინის სუბარაქნოიდული სივრცეში თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიკვორის) წნევის სიდიდის მიხედვით მიახლოებით შეიძლება ვიმსჯელოთ ქალაშიდა წნევის შესახებ (ნორმალურ მდგომარეობაში ის შეადგენს 0-200 მმ წყ.სვ.). ლიკვოროდინამიკური სინჯების დროს წნევის ცვალებადობის მიხედვით ადგენენ ზურგის ტვინის სუბარაქნოიდული სივრცის გამტარობის დონეს (სრული გამტარობა, ნაწილობრივი გამტარობა, სრული ბლოკადა).
სხვა მეთოდებთან შედარებით, ლუმბალური პუნქცია საშუალებას გვაძლევს უფრო ზუსტად გამოვიცნოთ სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა და მისის გამოხატულობის დონე, გამოვავლინოთ ქალა-ტვინის ტრავმაზე ტვინის გარსების რეაქციები, აღმოვაჩინოთ ქალა-ტვინის ტრავმისა და ხერხემლის ტრავმების ანთებითი გართულებები, კარცინომატოზური მენინგიტით დაავადებულებს გამოვუვლინოთ ავთვისებიანი უჯრედები, ცილის მომატებული შემცველობა, გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება.
ლუმბალური პუნქციის ჩატარების ტექნიკა
ავადმყოფს ვაწვენთ გვერდულად მენჯ-ბარძაყისა და მუხლების სახსრებში მოხრილი ფეხებით, რომლებიც მუცელთანაა მიტანილი; კისერი ოდნავ მოხრილია. ლუმბალურ პუნქციას ჩვეულებრივ ატარებენ L3–L4 ან L4–L5 წვეტიან მორჩებს შორის. ამ დროს ორიენტირება ხდება L4 წვეტიან მორჩზე, რომელიც მდებარეობს თეძოს ძვლის ბორცვების წვერების შემაერთებელი ხაზის შუაში.
ასეპტიკის წესებს მკაცრად ვიცავთ. იოდის წინასწარი წასმის შემდეგ ნემსის დარჭობამდე აუცილებელია ამ ადგილის დამატებითი დამუშავება სპირტით, რომ თავიდან ავიცილოთ ნემსთან ერთად იოდის ნაწილაკების შესვლა სუბარაქნოიდულ სივრცეში.
პუნქციის ადგილას თხელი ნემსით ჯერ კანშიდა, მერე კი კანქვეშა მეთოდით შეჰყავთ 3-5 მლ 2% ნოვოკაინის ხსნარი. შემდეგ სპეციალური მანდრენიანი ნემსით (ნემსის სისქე 1 მმ-მდე, მისი ბოლოს ჭრილის კუთხე 45°) ატარებენ პუნქციას სუბარაქნოიდულ სივრცეში. ნემსს მიმართავენ საგიტალურ სიბრტყეში და ცოტათი ზევით. ნემსი გადის კანში, კანქვეშა უჯრედისში, ყვითელ იოგში, ეპიდურალურ ცხიმოვან უჯრედისში, ტვინის მაგარ და ქსლისებრ გარსებში.
ნემსის “შეცურების” შეგრძნების შემდეგ (ტვინის მაგარი გარსის გავლის დროს) გამოაქვთ მანდრენი. რწმუნდებიან რა თავ-ზურგ-ტვინის სითხის შესვლაში, ნემსის პავილიონს უერთებენ გრადუირებულ მინის მილს, რომლის შიდა დიამეტრია 1-2 მმ, თავ-ზურგ-ტვინის სითხის წნევის ციფრებში გასაზომად.
თავ-ზურგ-ტვინის სითხე გამოაქვთ ნელა ლიკვორული წნევის სიდიდის გათვალისწინებით; გამოდენის სიჩქარე მარტივად რეგულირდება მანრდენის დახმარებით, რომელიც ნემსის სივრცეშია ჩასმული.
ლუმბალური პუნქციის ჩატარების ჩვენებები
ნეიროტრავმის დროს ლუმბალური პუნქციის ჩატარების ჩვენებებია:
- თავის ტვინისა და ზურგის ტვინის დაჟეჟილობის დროს სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევები
- მენინგიტები და ენცეფალიტები
- მიელიტი
- სპინალური ეპიდურიტი
- სხვა ანთებითი გართულებები ანდა მათი არსებობის ვარაუდი
- ლიკვორეა ქალას ფუძის მოტეხილობის დროს
- ჰიდროცეფალია
- არაქნოიდიტი
- ზურგის ტვინის სუბარაქნოიდული სივრცის გამტარობის გამოკვლევის აუცილებლობა
ლუმბალურ პუნქციას მიმართავენ, თუ საჭიროა:
- სამკურნალო პრეპარატების ენდოლუმბალური შეყვანა (მაგალითად, ანტიბიოტიკებისა ჩირქოვანი მენინგოენცეფალიტის დროს და ა.შ.)
- კონტრასტული იოდის შემცველი ნივთიერებების, ჰაერის, ჟანგბადის, ოზონის (მიელო- ანდა ენცეფალოგრაფიისათვის) შეყვანა
ლუმბალურ პუნქციას იყენებენ სამკურნალო მიზნით თავ-ზურგ-ტვინის სითხის სანაციის დასაჩქარებლად, ლიკვორის დენის აღსადგენად, მათ შორის ქირურგიული ჩარევების შემდეგ. ასეთ შემთხვევებში - უკუჩვენებების არარსებობის დროს გამოაქვთ 10-20 მლ-მდე და მეტი თავ-ზურგ-ტვინის სითხე.
ლუმბალური პუნქციის ჩატარების უკუჩვენებები
თუ არსებობს რეალური ეჭვი ქალაშიდა ჰემატომაზე ან ტვინის პოსტტრავმატულ აბსცესზე (განსაკუთრებით კეფის ზონაში), ლუმბალური პუნქციისაგან თავის შეკავება ჯობს.
კომატოზური ავადმყოფებისათვის ლუმბალური პუნქცია დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა კომის ეტიოლოგია ცხადი არაა და საჭიროა მისი დიფერენციალური დიაგნოზი:
- ალკოჰოლური კომა
- ტრავმატული კომა
- სისხლძარღვოვანი კომა
- ინტოქსიკაციური კომა
- დიაბეტური კომა და ა.შ.
ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად გამოწვეული ტვინის ღეროს ტენტორიულ და კეფის ძვლის დიდ ხვრელში ჩაჭედვის სიმპტომების მკვეთრად გამოხატულობის დროს ლუმბალური პუნქციის ჩატარება არ შეიძლება.
ქალა-ტვინის ტრავმის დროს ჩნდება ლუმბალური პუნქციის ჩატარების დამატებითი უკუჩვენებები:
- ტრავმატული შოკი
- სისხლის მასიური დაკარგვა
- წელის მიდამოში არსებული რბილი ქსოვილების დიდი მოცულობის დაზიანებები
ლუმბალური პუნქციის გაკეთება არ შეიძლება გავა-წელის არეში ნაწოლების ან ჩირქოვანი პროცესების დროს.
გართულებებს, რომლებსაც ვხვდებით ლუმბალურ პუნქციის დროს, მიეკუთვნება მენინგიზმი.
ლუმბალური პუნქციის შესრულების დროს ტვინის კომპრესიის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სპინალურ დონეზე ჰიდრავლიკური საბჯენის შემცირების შედეგად გამოწვეული თავის ტვინის ღეროს დაღმავალი ჩაჭედვის სიცოცხლისთვის სახიფათო სიმპტომოკომპლექსი.
ლუმბალური პუნქციის გართულების პროფილაქტიკა
- მკაცრად უნდა იქნეს დაცული ლუმბალური პუნქციის შესრულების ჩვენებები და უკუჩვენებები
- დიაგნოსტიკურად გაურკვეველ სიტუაციებში ავადმყოფის რთული მდგომარეობის დროს და ლუმბალური წნევის მომატების შემთხვევაში ანალიზისათვის თანდათან (მანდრენის გამოყენებით) შეიძლება გამოვიტანოთ სითხის მხოლოდ მინიმალური რაოდენობა (1-2 მლ)
- ლუმბალური პუნქციისათვის უნდა გამოვიყენოთ სპეციალური ნემსები კარგად წამახული ბოლოებით, კონგრუენტული, მასთან მჭიდრო მიდგმული მანდრენით
- ლუმბალური პუნქციის შემდეგ ყველა ავადმყოფს აუცილებლად უნიშნავენ წოლით რეჟიმს 1-2 დღე-ღამით