ქუსლის ძვლის დეზი (პლანტარული ფასციიტი) და ქუსლის ტკივილი
ქუსლის ძვლის დეზი (პლანტარული ფასციიტი) და ქუსლის ტკივილი
ქუსლის ძვლის დეზი (პლანტარული ფასციიტი) ძვლოვანი ქსოვილის მახათისებრი წანაზარდია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ქუსლის ძვლის შუა ბორცვის ტერფძირის ზედაპირზე, იშვიათად კი მის უკანა მორჩზე. დეზის წვეტიანი დაბოლოება, როგორც წესი, მიმართულია ტერფძირის მხარეს ან ცოტათი მოღუნულია ზევით (ზომა 3–4-დან 12 მილიმეტრამდე). ამ ძვლოვან ცვლილებებს ხშირად ახლავს მიმდებარე რბილი ქსოვილების ცვლილებებიც.
ასეთი ძვლოვანი წანაზარდები გვხვდება როგორც ყმაწვილობის, ისე ხანდაზმულ ასაკში, მამაკაცებში უფრო ხშირად, ვიდრე ქალებში. ისინი შეიძლება გაჩნდეს ერთ ან ორივე ქუსლზე. მათი წარმოქმნის მიზეზი ზუსტად არაა დადგენილი. ითვლება, რომ დეზი შეიძლება წარმოიქმნას ტრავმის შემდეგ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ასევე იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს უწევს დიდხანს დგომა ან სიარული და ქუსლის ძვალი ნორმაზე მეტად დატვირთულია. არაა შემთხვევითი, რომ ქუსლის დეზი ხშირად შერწყმულია ბრტყელტერფიანობასთან.
ბრტყელტერფიანობის განვითარების გამო ძლიერად ტრავმირდება კუნთის მყესები მათი ქუსლის ბორცვთან მიმაგრების ადგილას. ეს იწვევს ძვლისაზრდელას გაღიზიანებას, ძვლის სტრუქტურის დარღვევას.
ქუსლის ძვლის დეზის (პლანტარული ფასციიტის) და ქუსლის ტკივილის დიაგნოსტიკა
როგორც წესი, ქუსლის დეზის გაჩენის ძირითადი ნიშანია მწვავე ტკივილი ქუსლის ქვედა ანა ზედა ნაწილში, ძნელდება ქუსლზე დაყრდნობა. ტკივილის იწვევს ძვლოვანი წანაზარდის ზეწოლით ანთებით რბილ ქსოვილებზე. თანაც ტკივილის ძალა და ხასიათი არაა დამოკიდებული წანაზარდის სიდიდესა და ფორმაზე: ხშირად მსხვილი და წვეტიანი წანაზარდები არ იგრძნობა, ხოლო პატარა და ბრტყელი წანაზარდები უფრო მეტ ტკივილს იწვევენ.
ადამიანი, რომელსაც დეზი აწუხებს, ცდილობს, არ დააბიჯოს ქუსლს. ამან კი შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს კოჭ-წვივის სახსრის ფუნქციის დარღვევა. როცა ავადმყოფს უწევს მოუფრთხილდეს ორივე ქუსლს, მისი სიარული ხდება “მცურავი”, მოგვაგონებს მოთხილამურის მოძრაობას.
სიარულის დროს ტკივილის გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაციის გავლა. ქირურგი არა მარტო დასვამს სწორ დიაგნოზს, არამედ საჭირო მკურნალობასაც დანიშნავს.
ქუსლის ძვლის დეზის (პლანტარული ფასციიტის) და ქუსლის ტკივილის მკურნალობა
თუ დეზი ბრტყელტერფიანობამ გამოიწვია, ექიმის რეკომენდაციით ხმარობენ ორთოპედიულ ფეხსაცმელს, ან ორთოპედიულ ქეჩებს. ბრტყელტერფიანობის მკურნალობაში კარგ ეფექტს იძლევა ფეხის კუნთებისა მიოფასციალური რელიზი და სამკურნალო ტანვარჯიში.
თუ ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება საჭირო არაა, ჩვეულებრივ ფეხსაცმელში შეიძლება ჩაიდოს სპეციალური საფენი. მისი გაკეთება ადვილად შეიძლება რეზინის ან პარალონის ღრუბლისგან. ამისთვის საჭიროა ქუსლის ფორმის გამოჭრა და ჩაღრმავებისა და ხვრელის გაკეთება იმ ადგილას, რომელიც ეხება დეზს. ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს საშუალო სიმაღლის მყარი ძირები. არ შეიძლება უკან დაუხურავი მაშიების ("ბასანოჯკების"), წვრილწვეტიანი ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება.
ქუსლის დეზის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. ვითარების გამწვავების შემთხვევაში სასურველია მოვერიდოთ ფეხზე დიდ დატვირთვას: უნდა ვიაროთ ან ვიდგეთ ნაკლებ ხანს, არ უნდა ავწიოთ სიმძიმეები. თუ ტკივილი ძალიან ძლიერია, ექიმმა შეიძლება ხანდახან დანიშნოს წოლითი რეჟიმი. ინიშნება ასევე სხვადასხვანაირი ფიზიოთერაპიული პროცედურები, რენტგენოთერაპია, სამკურნალო პრეპარატები. ისინი ანთებით მოვლენებს ხსნიან, ანუ იხსნება ტკივილის შეგრძნებაც, თუმცა დეზი არ ქრება.
იმ შემთხვევებში, როცა ფიზიოთერაპია და წამლები არაფერს შველის, აუცილებელია ოპერატიული ჩარევა.
იხილეთ აგრეთვე
- ართრიტები და ართროზები (ოსტეოართროზები):
- სახსრის ანკილოზი
- სახსრის კონტრაქტურა
- კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა და იოგების დაჭიმვა
- მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის დაზიანებები
- აქილევსის (ქუსლის) მყესის ტრავმა (გაწყვიტა, დაჭიმვა), აქილოდინია, აქილობურსიტი
- მიოფასციური ტკივილის სინდრომი, ფიბრომიალგია (კუნთოვანი ტკივილი)
- ლატერალური ეპიკონდილიტი ("ჩოგბურთელთა იდაყვი")
- ტენდოვაგინიტი (ინფექციური, კრეპიტირებადი)
- ჰიგრომა
- ქუსლის ძვლის დეზი (პლანტარული ფასციიტი) და ქუსლის ტკივილი
- შემართებელი ქსოვილის აუტოიმუნური დაავადებები:
- სახსრების ამოვარდნილობა:
- ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიკური დაავადებები: