საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია და ოსტეოართროზი
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია და ოსტეოართროზი
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია და ოსტეოართროზი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სასახსრე ზედაპირებისა და მენისკის ქრონიკული დისტროფიული დაავადებაა, რომელსაც ახლავს ანთება და ტკივილი საღეჭ კუნთებში. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ართრიტი არის სახსრის მწვავე ანთება ტკივილის, ტემპერატურის ლოკალური მომატების, კანის გაწითლებისა და შესიების თანხლებით.
პირველად სტომატოლოგებმა აღმოაჩინეს კუნთოვანი კომპონენტი კრანიომანდიბულარულ ტკივილის სინდრომში, რომელიც ხშირად დაკავშირებულია საფეთქელ-ქვედა ყბის ფუნქციის დარღვევასთან. ამ აღმოჩენას მოჰყვა პუბლიკაციების დიდი რაოდენობა, რომლებიც ეხებოდა ჩონჩხის (საღეჭი) კუნთების როლს მიოფასციალურ დისფუნქციალურ ტკივილის სინდრომში და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარის როლს ტკივილის დისფუნქციალურ სინდრომში.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცისა და ოსტეოართროზის დიაგნოსტიკა
1969 წელს ლასკინის (Laskin) მიერ შემოთავაზებულ იქნა კუნთოვან-მტკივნეული სინდრომის განსაზღვრა, რომელიც ახლა კლასიკურად ითვლება. ამ სინდრომის დიაგნოზისათვის საკმარისია შემდეგი ოთხი სიმპტომიდან თუნდაც ერთ-ერთის არსებობა:
- ცალმხრივი ტკივილი, ჩვეულებრივ ყურის ახლოს ანდა ყურისწინა ზონაში; ის შეიძლება გადაეცემოდეს (ირადიაცია) სხვა მიდამოებშიც, ძლიერდებოდეს დილაობით, განსაკუთრებით ჭამის დროს
- საღეჭი კუნთების ტკივილი პალპაციის დროს
- ხრაშუნა და/ან ტკაცუნა ხმები ყურში დაზიანებული საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მხარეს; ამ ხმებს ახლავს ტკივილი ან მტკივნეული შეგრძნებები სახსარში
- პირის გაღების შეზღუდვა (პაციენტის ცენტრალურ საჭრელ კბილებს შორის მოთავსებულ სამი თითის სისქეზე ნაკლებ სიმაღლეზე ) ანდა ქვედა ყბის გადახრა პირის გაღების დროს (ერთდროულად ეს სიმპტომები იშვიათად გვხვდება)
გარდა ამისა, არ უნდა არსებობდეს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ორგანული ცვლილებების არც კლინიკური, არც რენტგენოლოგიური მაჩვენებლები, ხოლო სახსრის პალპაცია გარე სასმენი არხიდან უმტკივნეულო უნდა იყოს.
თუმცა, როგორც ახლა მიიჩნევენ, დაავადებისას ხრაშუნა და ტკაცუნა ხმები ყურში მიუთითებს ამ სახსარში დისკის (მენისკის) ფუნქციების დარღვევაზე. ამგვარად, ლასკინის განმარტებით, მიოფასციალური დისფუნქციალური მტკივნეული სინდრომი აღენიშნებათ ავადმყოფებს, რომელთაც აქვთ სახის ტკივილი რომელიც ვრცელდება ყურსა და მიმდებარე ზონაზე. ასეთმა კლასიფიკაციამ შესაძლებლობა მოგვცა მიოფასციალური დისფუნქციალური მტკივნეული სინდრომის დიაგნოზი დაისვას უცნობი წარმომავლობის ყველანაირ სახის ტკივილზე. ზემოთ ჩამოთვლილი ბევრი სიმპტომი ჩნდება მხოლოდ საღეჭი კუნთების დაზიანების დროს, რადგანაც მიოფასციალური ტრიგერული წერტილებით დაზიანებული კუნთი არის ტკივილისა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ფუნქციების დარღვევის ძირითადი წყარო.
ნერვულ-კუნთოვანი დისფუნქციისა და სპეციფიკური მორფოლოგიური და ფუნქციური აშლილობებს გაერთიანებისას, სოლბერგმა (Solberg) გამოყო მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების თანმიმდევრობა - ესენია სპონტანური დისლოკაცია და შესაბამისობის დარღვევა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში, ართრალგია, ოსტეოართროზი, მობილობის ქრონიკული დარღვევა და ანთება სახსარში.
სტომატოლოგიურ ლიტერატურაში განხილულია სამი ძირითადი შეხედულება მიოფასციალური ტკივილის სინდრომის ბუნების შესახებ:
- სინდრომს აქვს ძირითადად კუნთოვანი წარმოშობა
- სინდრომი რთული ფსიქოფიზიოლოგიური ფენომენია
- სინდრომი ჩნდება ძირითადად ქვედა ყბის მოძრაობის დარღვევის გამო
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცისა და ოსტეოართროზის მკურნალობა
როგორც ჩანს, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა გამოწვეულია ძირითადად ყურადღების აქცენტირებით მთლიანი სურათის მხოლოდ ერთ ნაწილზე იმის გაუთვალისწინებლად, რა მიღწევებია დღეს ამ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის სიმპტომები და ტკივილის ლოკალიზაცია მიუთითებენ პათოლოგიაზე თვითონ სახსარში, უნდა გვახსოვდეს, რომ რეალურად ტკივილი ძალიან ხშირად გადაეცემა სახსარს მიოფასციალური ტრიგერული წერტილებიდან, რომლებიც ლოკალიზებულია ძირითადად ლატერალურ ფრთისებრი და ხანდახან მედიალურ ფრთისებრი ან საღეჭ კუნთებში.
ტრიგერული წერტილების შემცველი კუნთების გამოვლენას და მკურნალობას შეუძლია მიგვიყვანოს ტკივილის სწრაფ და დროულ მოხსნამდე. სრული განკურნება შეუძლია მხოლოდ აქტივობის ხელშემწყობი ფაქტორების მოხსნას. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს მექანიკური (მაგალითად, ოკლუზიის დარღვევა, ანუ არასწორი თანკბილვა), სისტემურ-პათოლოგიური ან ფუნქციური (ფსიქიკური და ქცევითი).
ხრაშუნა და ტკაცუნა ხმები საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში ქვედა ყბის მოძრაობების დროს ჩვეულებრივ აიხსნება ან დისკის გადაადგილებით, ან სასახსრე ზედაპირების გამრუდებით. დისკის წინ გადაადგილება, რომელსაც, ზოგიერთი ავტორის აზრით, ახლავს ტკაცუნი, შეიძლება გამოწვეული იყოს ლატერალური ფრთისებრი კუნთის ზედა თავის შემოკლებით მასში ლოკალიზებული ტრიგერული წერტილის აქტიურობის შედეგად.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სასახსრე ზედაპირების გამრუდება შეიძლება ატარებდეს თანდაყოლილ, ტრავმატულ ან ართრიტულ ხასიათს. კავშირი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარის დისფუნქციის აღწერილ სიმპტომებსა და მიოფასციალური ტრიგერული წერტილის აქტიურობას შორის ლატერალური ფრთისებრი კუნთის ზედა თავში საკმარისად დადგენილი არაა ექსპერიმენტულ გამოკვლევებში, მაგრამ ამ კავშირზე ბევრი აშკარა ფაქტი მიუთითებს. ლატერალური ფრთისებრი კუნთის ორივე თავი გადასცემენ ტკივილს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარის არეში. ტრიგერული წერტილის აქტიურობა ლატერალური ფრთისებრი კუნთის ზედა თავში იწვევს მის შემოკლებას, რის შედეგადაც ის ექაჩება სასახსრე დისკის წინ, მიუხედავად დისკის ელასტიკური შრის არც ისე სუსტი წინააღმდეგობისა.
გადაცემითი მიოფასციალური ტკივილის მოსახსნელად აუცილებელია კუნთოვანი დაჭიმულობის შემცირება ტრიგერული წერტილის ინაქტივაციის გზით კუნთის ზედა თავში, რაც თავის მხრივ მიიღწევა მაპროვოცირებელი ფაქტორების აღმოფხვრის გზით და თვითონ კუნთის ადგილობრივი მკურნალობით. ძალიან ხშირად ტრიგერული წერტილები ფორმირდება ლატერალური ფრთისებრი კუნთის ქვედა თავში. დოუსონი (Dawson) ამას ხსნის ოკლუზიური დისჰარმონიით (არასწორი თანკბილვა), რომლის დროსაც კუნთის დაძაბვის საწინააღმდეგოდ კუნთის ქვედა თავი პერიოდულად იწვევს კბილების მდებარეობის ცენტრირებას თანკბილვის კორექციისათვის, რაც იწვევს ამ კუნთის გადატვირთვას.
გარდა იმისა, რომ ლატერალური ფრთისებრი კუნთის თავები ფუნქციონირებენ რეციპროკნულად, დაძაბვა, რომელსაც ქვედა თავის შემოკლებისას აქვს ადგილი, შეიძლება იყოს მოდულირებული და მიმართული სასახსრე თავის სასახსრე დისკის ყველაზე თხელ ნაწილთან კონტაქტში შენარჩუნებაზე. ამ შემთხვევაში დისკის წინ გადაადგილებამ დაზიანებული ტრიგერული წერტილის დაჭიმვის დროს შეიძლება გამოიწვიოს ქვედა თავის გადატვირთვა.
პროტეზი, რომელიც ხსნის დროზე ადრე კონტაქტის შეგრძნებას და არ არღვევს ნორმალურ კრანიომანდიბულარულ მექანიზმებს, აშკარად აქრობს ტრიგერული წერტილების აქტიურობას ლატერალური ფრთისებრი კუნთის ორივე თავში. ეს ფაქტი საშუალებას იძლევა აიხსნას, რატომ ამცირებს ოკლუზიური (თანკბილვის) პროტეზი ტკივილს მიოფასციალური დისფუნქციალური ტკივილის სინდრომის დროს, მაგრამ არ ამცირებს მომატებულ ელექტრომიოგრაფიულ აქტიურობას საღეჭ კუნთში. თანკბილვის არტაშანი (ოკლუზიური პროტეზი) საშუალებას იძლევა შემცირდეს ტრიგერული წერტილის აქტიურობა ლატერალური ფრთისებრი კუნთის ან ზედა, ან ქვედა თავში და ამგვარად აქრობს ტკივილს. მაშინ როცა, საღეჭი კუნთის ელექრომიოგრაფიული აქტიურობა დამოკიდებულია ძირითადად ტრიგერული წერტილების აქტივობაზე კისრის კუნთებში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტკივილი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის არეში შეიძლება გადაეცემოდეს საღეჭი კუნთის, მედიალური ფრთისებრი კუნთის და მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ლავიწის თავის სიღრმიდან.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრისა და მასთან დაკავშირებული საღეჭი კუნთების დაავადებისა და დაზიანების ტიპისა და დონის გათვალისწინებით შეიძლება დაინიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:
- მედიკამენტური თერაპია (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანალგეტიკები, მიორელაქსანტები)
- სამკურნალო ბლოკადები (სახსრის ღრუში, კისრის და საღეჭი კუნთების მიოფასციალური ტრიგერული წერტილების პროექციაში)
- მანუალური თერაპია (კუნთოვანი ოსტეოპათიური ტექნიკა)
- ფიზიოთერაპია (ულტრამაღალი სიხშირის ველი, კანგავლით სინუსოიდურ-მოდულირებული დენი)
- საღეჭი და კისრის კუნთების სამკურნალო ვარჯიში
- ოპერატიული მკურნალობა
იხილეთ აგრეთვე
- ართრიტები და ართროზები (ოსტეოართროზები):
- სახსრის ანკილოზი
- სახსრის კონტრაქტურა
- კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა და იოგების დაჭიმვა
- მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის დაზიანებები
- აქილევსის (ქუსლის) მყესის ტრავმა (გაწყვიტა, დაჭიმვა), აქილოდინია, აქილობურსიტი
- მიოფასციური ტკივილის სინდრომი, ფიბრომიალგია (კუნთოვანი ტკივილი)
- ლატერალური ეპიკონდილიტი ("ჩოგბურთელთა იდაყვი")
- ტენდოვაგინიტი (ინფექციური, კრეპიტირებადი)
- ჰიგრომა
- ქუსლის ძვლის დეზი (პლანტარული ფასციიტი) და ქუსლის ტკივილი
- შემართებელი ქსოვილის აუტოიმუნური დაავადებები:
- სახსრების ამოვარდნილობა:
- ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიკური დაავადებები: