მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია (მენჯის ძვლები, მცირე მენჯის ორგანოები)
მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)
მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) არის ვიზუალიზაციის მეთოდი, რომელიც იყენებს რენტგენის სხივებს და მიღებულ ჭრილებზე ასახავს მენჯის მიდამოს (ბარძაყის ძვლებს შორის არეს) და მცირე მენჯის ღრუში მდებარე ორგანოებს.
მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება მცირე მენჯის ორგანოების გამოსაკვლევად სიმსივნის, სისხლდენის და ობსტრუქციის არსებობის დროს. მენჯის ღრუს სტრუქტურებში შედის შარდის ბუშტი, პროსტატა და მამაკაცის სხვა რეპროდუქციული ორგანოები, ქალის რეპროდუქციული ორგანოები (საშვილოსნო, საკვერცხეები), ლიმფური კვანძები და თავად მენჯის ძვლები. ზოგჯერ პაციენტებს მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება მუცლის ღრუს ტომოგრაფიასთან ერთად.
გახსოვდეთ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს სხეული იღებს უფრო მეტ დასხივებას, ვიდრე ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიისას. მრავალრიცხოვანმა რენტგენოგრაფიამ ან კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ დროთა განმავლობაში შეიძლება გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი, მაგრამ ერთეული კომპიუტერული ტომოგრაფიის რისკი უმნიშვნელოა. თქვენ და თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეაფასოთ ავადმყოფობის სწორი დიაგნოსტიკისათვის ღირს თუ არა ამ რისკზე წასვლა.
კომპიუტერული ტომოგრაფიით მიღებული სურათები (ჭრილები) ინახება კომპიუტერზე, მას უყურებენ მონიტორზე, ბეჭდავენ ფირზე ან იწერენ CD-ზე. გამოკვლევის დროს მიღებული ჭრილებისგან ასევე შესაძლებელია მენჯის მიდამოს სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა.
მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია ასევე გამოიყენება:
- ბიოფსიისა და სხვა პროცედურების ჩატარების დროს (აბსცესის დრენაჟი, მინიმალურად ინვაზიური ჩარევა სიმსივნის დროს)
- ოპერაციის დასაგეგმავად და შედეგების შესაფასებლად (ორგანოების გადანერგვა, პროსტატის ადენომის რეზექცია და ა.შ.)
- სიმსივნის სტადიის განსასაზღვრავად, სხივური თერაპიის სწორად დასაგეგმავად და ჩასატარებლად, ასევე სიმსივნის ქიმიოთერაპიაზე რეაქციის მონიტორინგისათვის
როგორ ტარდება მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია
მენჯის კტ-სკანირება ხორციელდება ტომოგრაფიის კაბინეტში, რადიოლოგიის განყოფილებაში. პაციენტი ზურგზე წვება კტ-სკანერის მაგიდაზე. მისი თავი თავსდება კომფორტულ თავის დასადებზე, რენტგენის მილი თავისი სენსორებით მოძრაობს პაციენტის სხეულის გასწვრივ და ბრუნავს მის გარშემო, ამ დროს ტარდება სკანირება. მენჯის სკანირება ხდება თეძოს ქედიდან ბოქვენის სიმფიზამდე.
საჭიროების შემთხვევაში, მენჯის კტ შეიძლება ჩატარდეს ორალური ან ინტრავენური კონტრასტის გამოყენებით.
გამოკვლევის დროს პაციენტმა არ უნდა იმოძრაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იწვევს სურათების გაბუნდოვნებას. ხანდახან საჭიროა სუნთქვის მოკლეხნიანი შეკავება. სკანირების პროცედურა ტარდება მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში. სკანერის მყარ მაგიდაზე წოლა შეიძლება არაკომფორტული იყოს ზოგიერთი პაციენტისთვის.
მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების ჩვენებები
კომპიუტერული ტომოგრაფია სწრაფად იძლევა სხეულის (მათ შორის მენჯის და მის ირგვლივ მდებარე მიდამოს) დეტალურ სურათებს. მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტიკის ან გამოვლენის მიზნით:
- არანორმალური მასა ან სიმსივნე, მათ შორის კიბო (პროსტატის, საშვილოსნოს და ა.შ.)
- მენჯის ქრონიკული ტკივილის მიზეზები
- მენჯის დაზიანებები (ძვლის მოტეხილობა, შეერთების დაზიანება)
მენჯის კტ სკანირება ასევე გვეხმარება:
- ბიოფსიის ან სხვა მანიპულაციების დროს სასურველი მიდამოსკენ ნავიგაციაში
- ოპერაციის დაგეგმვისას
- კიბოს ან სხვა ავთვისებიანი ნეოპლაზმების სხივური თერაპიის დაგეგმვისას
სკანირების შედეგების ინტერპრეტაცია
ექიმი რადიოლოგი ახდენს მენჯის მიღებული სურათების (ჭრილების) ინტერპრეტაციას. ტომოგრაფიის შედეგები დადებითად ითვლება, თუ მცირე მენჯის ორგანოები კარგად ჩანს სურათზე.
კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად მცირე მენჯის ორგანოების მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია დეტალურია. გარდა ამისა, მისი საშუალებით შეიძლება გამოვიკვლიოთ მენჯის ძვლების მთლიანობა და სიმსივნის, ანთების, სისხლდენის, კენჭების და ინფექციის არსებობა.
მენჯის ტომოგრაფიით გამოვლენილი პათოლოგია შეიძლება იყვეს გამოწვეული:
- აბსცესით (ჩირქის დაგროვება)
- შარდის ბუშტის კენჭებით
- ძვლის მოტეხილობით
- კიბოთი ან სხვა ავთვისებიანი ქსოვილით
- დივერტიკულიტით
პაციენტის მომზადება მენჯის კომპიუტერული ტოპოგრაფისათვის
მენჯის ზოგიერთი კომპიუტერული კვლევა მოითხოვს სპეციალური კონტრასტული საღებავის გამოყენებას. პაციენტს შეიძლება სთხოვონ მიიღოს კონტრასტული ნივთიერება პროცედურის დაწყებამდე. კონტრასტული ნივთიერება ხელს უწყობს იმას, რომ მენჯის გარკვეულ მიდამოები უკეთესად გამოვლინდეს გამოსახულებებზე.
- კონტრასტული ნივთიერება შეიძლება შეიყვანონ ვენაში წინამხარზე ან მტევანზე, ასევე შეიძლება პაციენტმა ის მიიღოს პერორალურად. კონტრასტირებისას თქვენ შესაძლოა მოგთხოვონ დაგეგმილ კვლევამდე 4-6 საათით საჭმელ-სასმლის მიღებისგან თავის შეკავება.
- შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ოდესმე გქონიათ რეაქცია კონტრასტზე. შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი მომზადება სკანირების დაწყებამდე, რომ კონტრასტის მიღება გახდეს თქვენთვის უსაფრთხო.
- თუ თქვენ იღებთ მეტფორმინის შემცველ მედიკამენტს (გამოიყენება დიაბეტის დროს), კონტრასტირებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების ჩატარება.
კონტრასტის მიღებამდე შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმის თირკმლის არსებული პრობლემების შესახებ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ კონტრასტის ინტრავენური შეყვანა თქვენთვის მიუღებელი იყოს.
ინტრავენურად შეყვანის შედეგად კონტრასტმა შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო წვის შეგრძნება, ლითონის გემო პირში და სხეულში ცხელების შეგრძნება. ეს შეგრძნებები ნორმალურია და ხშირად ქრება რამდენიმე წამში.
თუ თქვენი წონა 130 კგ-ზე მეტია, გაარკვიეთ, არის თუ არა კლინიკაში არსებული ტომოგრაფიის დანადგარი განკუთვნილია თქვენი წონისთვის. პაციენტის ძალიან ჭარბმა წონამ შეიძლება დააზიანოს სკანერის სამუშაო ნაწილები.
კვლევის დროს თქვენ მოგეთხოვებათ მოიხსნათ სამკაულები და ჩაიცვათ სამედიცინო ტანსაცმელი.
ალერგიული რეაქცია კონტრასტულ ნივთიერებაზე
ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია კონტრასტული ნივთიერების მიმართ. უთხარით თქვენს ექიმს, თუ თქვენ ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია კონტრასტზე. იშვიათ შემთხვევებში კონტრასტული ნივთიერება იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ ალერგიულ რეაქციას (ანაფილაქსიას). თუ თქვენ გაგიჩნდათ სუნთქვის პრობლემა სკანირების დროს, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ სამედიცინო პერსონალს. სკანერები აღჭურვილია ინტერკომით და დინამიკებით, ამიტომ ოპერატორს ყოველთვის შეუძლია თქვენი მოსმენა.
- ყველაზე ხშირად სკანირების დროს ვენაში შეყავთ იოდის შემცველი კონტრასტი. თუ იოდზე ალერგიის მქონე პირს გაუკეთდება ამ ტიპის კონტრასტი, ამან შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა ან ღებინება, ცემინება, ქავილი ან ჭინჭრის ციება.
- თუ კონტრასტული ნივთიერების შეყვანა აუცილებელია, ტესტის დაწყებამდე შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიჰისტამინები ან სტეროიდები.
- სხეულიდან იოდი გამოიდევნება თირკმლების მეშვეობით. თირკმლის დაავადების ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს სკანირების შემდეგ შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი სითხის მიღება, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს.
რა ღირს კომპიუტერული ტომოგრაფია?
კვირა დღეს გამოკვლევა ტარდება ფასდაკლებით - 20 %. სტუდენტებს და პენსიონერებს შეუძლიათ ისარგებლონ დაფინანსებით.
კომპიუტერული ტომოგრაფია ფასები:
- გულმკერდის ღრუს ორგანოები - 265 GEL (212 GEL ფასდაკლებით)
- მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოები - 270 GEL (216 GEL ფასდაკლებით)
- მუცელი ღრუს ქვედა ნაწილის ორგანოები - 270 GEL (216 GEL ფასდაკლებით)
- ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტი - 265 GEL (212 GEL ფასდაკლებით)
- კონტრასტული ნივთიერება - 210 GEL
იხილეთ აგრეთვე
- თავის ტვინის და ქალას კომპიუტერული ტომოგრაფია
- თავის ტვინის და კისრის სისხლძარღვების კომპიუტერული ანგიოგრაფია (კონტრასტის გამოყენებით)
- ცხვირის დანამატი წიაღების (სინუსების) კომპიუტერული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფია
- გულის და აორტის კომპიუტერული ტომოგრაფია (MSCT კორონოგრაფია კონტრასტის გამოყენებით)
- გულმკერდის ღრუს, ფილტვების და შუასაყარის კომპიუტერული ტომოგრაფია
- მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია
- მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია (მენჯის ძვლები, მამაკაცის და ქალის მცირე მენჯის ორგანოები)